თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. დანიის გარდა კორონავირუსით ინფიცირებული წაულები მსოფლიოს კიდევ ხუთ ქვეყანაში აღმოაჩინეს, იუწყება РИА Новости ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
რამდენიმე დღის წინ დანიის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ წაულებში მუტაციაგანცდილი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანზე გადადის: მისი ახალი ფორმა ანტისხეულების სუსტ გამომუშავებას იწვევს, რაც ვაქცინის შემუშავებას აზრს დაუკარგავს. ქვეყანაში ყველა წაულას განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს - ეს დაახლოებით 15-17 მილიონი ცხოველია.
ახლა კი კორონავირუსი აღმოაჩნდათ წაულებს ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, აშშ-სა და შვედეთში.
„წაულები ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის შემდეგ დაავადდნენ“, - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
აღნიშნულია, რომ კორონავირუსი შეიძლება გადაედებოდეს როგორც ამ სახეობის ცხოველებს შორის, ისე წაულადან ადამიანზე. ამასთან ვირუსის გადაცემა სახეობაში მის გენეტიკურ მოდიფიკაციებს იწვევს.
ზაფხულის დასაწყისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დანიაში მუტაციაგანცდილი კორონავირუსით წაულადან ადამიანის ინფიცირების 214 შემთხვევა დაფიქსირდა.