თენგიზ ცერცვაძე: ვინც პირბადეს არ იკეთებს, ის შეგნებულად ზრდის ინფექციის მაჩვენებელს

იმუნოლოგი აქციის მონაწილეებს პირბადის ტარებისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ვინც პირბადეს არ იკეთებს, ის შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს. ამის შესახებ განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

მან საპროტესტო აქციებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თითოეული მონაწილე ვალდებულია პირბადე ატაროს.

„ვინ დამარწმუნებს იმაში, აქციაზე ყველამ რომ გაიკეთოს პირბადე, ამით შესუსტდება პროტესტის გამოხატვის ფორმა, ნაკლებად დამაჯერებელი იქნება თავის ამომრჩევლისთვის ან ნაკლებ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. პირბადე არაფერს გააფუჭებს. ვინც ნიღაბს არ იკეთებს, ის არ დაფიქრებულა იმაზე, რომ შესაძლოა ხვალ ამ ვირუსის მსხვერპლი თავად გახდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
გამყრელიძე: პიკის პლატო რამდენ ხანს გაგრძელდება, რთული სათქმელია

მისი თქმით, კორონავირუსი არ არის მხოლოდ ხანდაზმულთა დაავადება.

„ჩვენ ხანდაზმულ ადამიანებს, ხანდაზმულობის ინსტიტუტს ტრადიციულად პატივს ვცემთ და ვერავინ იტყვის, რომ ახალგაზრდას უფრო ვუფრთხილდებით, ვიდრე მათ. მაშინ გავუფრთხილდეთ პოლიტიკური პროცესების დროსაც, ელემენტარულად გავიკეთოთ პირბადე“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ

ოპოზიცია კვირას, 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს.

საქართველოში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უვე 441-ს შეადგენს. დაავადებულთა რაოდენობა 2 859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.