სამსონ ხონელი
საშინელება დამემართა!.. ჯვარი გწერია, რა მოხდა, ხომ მშვიდობა გაქვს? − ჩამეძიება მკითხველი. გულისხმიერებისთვის მადლობა. მკითხველს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ და განვაგრძობ თხრობას. არ გაგიკვირდეთ, რომ ბოლო დღეებში, პოლიტიკური პროცესების შემხედვარე, გავკადნიერდი და წარმოვიდგინე – საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ან კიდევ პოლიტიკურად მიუკერძოებული ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ამპლუაში ვაკვირდებოდი... რა, არ შეიძლება?! ხალხი პარლამენტში შესვლაზე ოცნებობს, უკვე შესული უარს ამბობს, ჩვენში ხომ ყველაფერი მოსულა და ფანტაზიას გასაქანი მივეცი... ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მესტუმრნენ, შემომჩივლეს – ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა, გაგვიყალბაო! კი, მაგრამ როგორ? − დავინტერესდი და არგუმენტების მოსასმენად მოვემზადე. აქეთ ოქმიო, იქით ფულიო, შუაში დაშინებაო, კომისიის წევრები მოისყიდეს, მანდატებზე უარს ვამბობთ, პარლამენტში არ შევალთო!.. ვუსმინე. რა უნდა მეთქვა? ვიცი, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციას შანსი აქვს არჩევნები მოიგოს. ბევრი აღარ მიფიქრია, კითხვა გამიჩნდა, ბატონებო და ქალბატონებო... არა, შეკითხვას არ დავასრულებ, აღზრდა არ მაძლევს უფლებას, იმედია, გამგები გაიგებს. გთავაზობთ აქტუალურ კითხვაზე პასუხის ძიებას გავეშვათ და ღვინობისთვის ბოლო დღის შედეგი შევაჯამოთ. რას ველოდით, რა მივიღეთ და რატომ? თანმიმდევრულად მივყვეთ.
რას ველოდით?
მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა. ქვეყანაში, სადაც თავად პოლიტიკოსები, ექსპერტ-ანალიტიკოსები, საზოგადოების დიდი ნაწილი, ერთი სიტყვით, ასარჩევებიც და ამომრჩევლებიც ღიად აღნიშნავენ, რომ საქართველოში პარტიული სისტემა სუსტია, ისე, რომ ხალხისთვის არავის უკითხავს, პოლიტიკური სპექტრი საპარლამენტო არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდა...
მერე რა, რომ მმართველობის საპარლამენტო მოდელი, პროპორციული საარჩევნო სისტემა სწორედ ძლიერ პარტიებს ეფუძნება. საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად საარჩევნო ბარიერი ერთი პროცენტით განისაზღვრა, რითიც სალაყბოს კარი ფართოდ გაიღო და ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტის პერსპექტივა იმთავითვე რეალური გახდა. საარჩევნო სისტემის რეფორმის შედეგად გაჩნდა იმედი, რომ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე ალტერნატიული, თუნდაც მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი ცენტრი ჩამოყალიბდებოდა. ოპოზიციურად განწყობილ იმ ამომრჩეველსაც, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განაყოფ პარტიებს მხარს არ უჭერდა, ჰქონდა მოლოდინი, რომ პოლიტიკის პიონერები შეძლებდნენ ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ერთობის ფორმირებას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ თუ მიხეილ სააკაშვილთან აფილირებული პარტიების თანდათან შევიწროებას.
საზოგადოების ნაწილმა ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლა და მოძრაობა „ლელოს“ დაარსება პოლიტიკურ ველზე არსებული ორპოლუსიანობის ალტერნატივის ჩამოყალიბების მცდელობად შეაფასა. ოპოზიციური ელექტორატის ერთი ნაწილი ხელისუფლების ცვლილებასაც აანონსებდა, მმართველი გუნდი კი შესაძლებლობებში ამჯერადაც დარწმუნებული იყო... საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაირკვა, რომ ელექტორატის ოპოზიციურ ნაწილს იმედგაცრუება ელოდა. წინასაარჩევნოდ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებდა, რომ საარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა და ერთპარტიულად შეძლებდა მთავრობის ჩამოყალიბებას. უშუალოდ საარჩევნო დღის ბოლოს გამოქვეყნებულმა სატელევიზიო ეგზიტპოლებმაც დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ მოდიდან კვლავაც არ გასულა...
რა მივიღეთ და რატომ?
განსხვავებული მოლოდინის მიუხედავად, არსებითად მაინც ორპოლუსიანი არჩევნები მივიღეთ. ოპოზიციურ ფლანგზე განახლება ვერ მოხერხდა, ასე ნანატრი „მესამე ძალა“ ვერ ჩამოყალიბდა.
ძველი, კარგად დავიწყებული ძველი და ახალი პარტიების უმრავლესობა, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ე.წ. შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანდა, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის თუ არა, მისდამი ლოიალური დამოკიდებულების გზავნილად შეაფასა.
რატომ აირჩიეს ეს გზა სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე პარტიებმა? სავარაუდოდ, ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალურმა რესურსმა მოხიბლა და სწორედ ეს გახდა ოპოზიციურ ფლანგზე საკუთარი პოზიციების გამყარების ნაცვლად მიხეილ სააკაშვილის გუნდის ლიდერობის უპირობოდ აღიარების მიზეზი.
ცალკე საკითხია, რომ ღიმილის მომგვრელი იყო, განსაკუთრებით, სამპროცენტიანი ელექტორალური რესურსის მქონე პარტიების მიერ „დედის დაფიცება“ − ბიძინა ივანიშვილთან კოალიციას არ შევქმნითო. ელექტორატის ერთმა ნაწილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის წინააღმდეგია, მაგრამ არც წარსულის დაბრუნებას უჭერს მხარს, არასასურველი პერსპექტივა დაინახა. თუ „ქართული ოცნება“ მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებდა, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებული პარტიები კოალიციის ფორმირებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ეცდებოდნენ, რაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ნიშნავდა...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, საარჩევნო უბანში მისულმა ელექტორატმა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, ახლაც უპასუხა კითხვას, ვინ უფრო უყვართ ან ვინ უფრო სძულთ საქართველოში − ბიძინა ივანიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი? პასუხმაც არ დააყოვნა...
მმართველმა პარტიამ მხარდამჭერთა მობილიზაცია შეძლო, ისინი საარჩევნო უბნებში მიიყვანა და ამომრჩეველმაც „ქართულ ოცნებას“ კიდევ ოთხი წლით გაუხანგრძლივა ხელისუფლებაში ყოფნა...
პირველი ტურის შემდეგ მმართველი გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს. ოპოზიციამ საბოლოო გამარჯვებისთვის მეორე ტურში ჩვიდმეტივე მაჟორიტარულ ოლქში უნდა მოიგოს. შანსი არის, თუმცა ეფემერული. მეტიც, მოგეხსენებათ, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბების მოტივით საარჩევნო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ და პროპორციული სისტემით მიღებულ მანდატებზეც უარს ამბობენ. ასე რომ, უკვე დღევანდელი გადასახედიდან მრავალპარტიული კი არა, ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივა იკვეთება...
ვინ შეცვლის გადაწყვეტილებას და ვინ არა? შესაძლებელია თუ არა მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარება და არსებობს თუ არა შესაბამისი რესურსი? ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი, როგორც ჩემი კოლეგა თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, „საპარლამენტო არჩევნების აქტივობა იყო ბევრად მაღალი, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში − 350 ათასით მეტი ამომრჩეველი მოვიდა, მაგრამ მაღალი აქტივობა „ქართული ოცნების“ სასარგებლო აღმოჩნდა... ოპოზიციამ ჯამში ნაკლები ხმა აიღო... არადა, საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება იცვლება და საპროტესტო ელექტორატი უფრო მოტივირებული და მობილიზებული უნდა ყოფილიყო... რამ ითამაშა როლი, რატომ არ იყო საკმარისი რაოდენობის ხალხი მოტივირებული იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაეშვა სახლში ისე, რომ 4-5 პროცენტიანი გაყალბება საკმარისი არ ყოფილიყო?.. როგორი გაყალბებულიც არ უნდა იყოს არჩევნები, შედეგები მაინც ოპოზიციის განაჩენია. კარგი იქნება, ოპოზიცია თუ იფიქრებს რა არის ის მთავარი ფაქტორი, რამაც საპროტესტო ელექტორატი შეამცირა“.
ვნახოთ, ამ მოწოდებას გაითვალისწინებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები... და, ბოლოს, არჩევნები სექსი არ არის, სადაც მხარეთა ოსტატობის შემთხვევაში შესაძლოა ყველა კმაყოფილი იყოს. დროა, ამ მარტივ მოცემულობას ავუღოთ ალღო...