ბრიტანულმა კომპანიამ ქართული ღვინისადმი მიძღვნილი ონლაინ–ტურები მოაწყო

ბრიტანულ ღვინის კომპანიებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი ექვსი კომპანიის პროდუქციას, რომელსაც მათ უნიკალური უწოდეს.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ბრიტანულმა კომპანია Swril Wine Group-მა ღვინის პროფესიონალებისთვის, იმპორტიორებისა და მასმედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინისადმი მიძღვნილი ონლაინ–ტურები ჩაატარა.

როგორც ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ღვინის ონლაინ–ტურები ოთხი დღე გაგრძელდა. მას ხელმძღვანელობდა Swril Wine Group-ის დირექტორი სარა ებოტი, რომელმაც ტურის მონაწილეებს გააცნო საქართველო, მისი ტრადიციები, ღვინის კულტურა და ისტორია.

ცნობადობის გაზრდა: რამდენს ხარჯავს საქართველო ღვინის ბაზრების ათვისებაზე

ბრიტანულ ღვინის კომპანიებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი ექვსი კომპანიის პროდუქციას. ამ კომპანიების ღვინოები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გაგზავნა, Swril Wine Group-ის ტურის მონაწილეებს წინასწარ გაუგზავნეს.

სარა ებოტის თქმით, ონლაინ–დიალოგი ტურის ბრიტანელ და ქართველ მონაწილეებს შორის საინტერესო, პროდუქტიული აღმოჩნდა და ძალზე საინტერესო გამოხმაურება ჰპოვა, ხოლო ქართულ ღვინოებს მისცეს შეფასება „უნიკალური“.

დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში მსგავს ონლაინ ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციის, საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით, აღნიშნულია ღვინის სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოში რთველი-2020 რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა>>

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და მომხმარებელია. პანდემიის პირობებშიც კი ქართული ღვინის ექსპორტი ამ ქვეყანაში იზრდება. მიმდინარე წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 160 644 ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით მეტია.