მსოფლიო დღეს

გარდამავალი პერიოდის საიტი: ბაიდენი პრეზიდენტობისთვის ემზადება

აშშ-ში საარჩევნო კომისიებს ხმების დათვლა ჯერ არ დაუსრულებიათ და არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბმა „გარდამავალი პერიოდის საიტი“ შექმნა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან ხელისუფლების გადაცემის მომზადებისკენაა მიმართული.

დაუთვლელი შტატები და სარჩელები სასამართლოში: რა ხდება აშშ-ში

აღნიშნულის თაობაზე თავად ბაიდენმა განაცხადა, თუმცა მას ჯერჯერობით არ დაუგროვებია არჩევნებში გამარჯვებისთვის აუცილებელი 270 ხმა ამომრჩეველთა კოლეგიისგან (ელექტორალისგან).

ჯერჯერობით საიტზე განთავსებულია დემოკრატი კანდიდატის ჯოზეფ ბაიდენის ფოტო ლურჯ ფონზე და ახლავს ტექსტი:

„ამერიკელი ხალხი განსაზღვრავს, ვინ იქნება აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი. ქვეყნის რამდენიმე შტატში ჯერ ისევ გრძელდება ხმების დათვლა. კრიზისები, რომლებსაც ქვეყანა გადააწყდა, სერიოზულია — პანდემია და ეკონომიკური ვარდნა, კლიმატის ცვლილება და რასობრივი უსამართლობა. და გარდამავალი პერიოდის გუნდი სრული სვლით განაგრძობს მზადებას იმისთვის, რომ ბაიდენ–ჰარისის ადმინისტრაციამ პირველ დღეს მუშაობის დაწყება შეძლოს“.

მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის 150 წარმომადგენელი, მათ შორის, მაღალჩინოსნები, ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლების გადაცემისთვის ემზადება.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე 120 წლის განმავლობაში რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საარჩევნო კომისიებს ხმების დათვლა ჯერ არ დაუსრულებიათ და საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის.  

წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს დემოკრატი ჯო ბაიდენი, თუმცა საბოლოოდ საქმეს ამომრჩეველთა კოლეგიის (ელექტორალის) ხმათა რაოდენობა გადაწყვეტს. კანდიდატს გამარჯვებისთვის 538 ელექტორალიდან 270 ხმა ესაჭიროება. ამ დროისათვის ბაიდენს 264, ხოლო ტამპს 214 ელექტორალი უჭერს მხარს.

წამყვანი ამერიკული მედიის ცნობით, გამოსაცხადებელი დარჩა ოთხი შტატის შედეგები: პენსილვანიის, მიჩიგანის, ნევადისა და ალასკის.

ამასთან დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა სარჩელები შეიტანა მიჩიგანისა და პენსილვანიის სასამართლოებში და ასევე ხმების თავიდან გადათვლა მოითხოვა ვისკონსინში.