თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერია თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს განახორციელებს – მეტროს სადგურების შესასვლელებში მგზავრთა ნაკადი რიგების მართვის მეშვეობით გაკონტროლდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დედაქალაქის მერია ღონისძიებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნითა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ახორციელებს.
„ამ ეტაპზე აღნიშნული ღონისძიებები „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სადგურის მოედნის“ მეტროს სადგურებზე განხორციელდება. მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროს სადგურების ჩასასვლელებში რიგის მართვის მეშვეობით ადამიანთა დაშვება შეფერხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერია მოსახლეობას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
დედაქალაქის მერიამ გადაწყვეტილება ბოლო დროს გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე მიიღო.
საქართველოში ეპიდვითარება ყოველდღიურად უარესდება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში სავალდებულო გახდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2401-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.