თალაკვაძე: დამკვირვებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები კონკურენტული იყო

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრაზე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. „ეუთო/ოდირის“ დელეგაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ძირითადი შეფასება, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

თამარ ჟვანია: ცესკო 8 ათასამდე ოქმის სიზუსტეს სწავლობს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) დელეგაცია, სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან ერთად, საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.

„მათ დაადასტურეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც პოლიტიკურმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში. ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და, რასაკვირველია, არჩევნები ემსახურება საქართველოს დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებს და სადამკვირვებლო მისიებს მიაწოდეს ინფორმაცია კანონით დარეგულირებული იმ პროცედურების შესახებ, რაც მეორე ტურს და შემდეგი მოწვევის პარლამენტს ეხება.  

ოპოზიციამ მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვა – ერთობლივ განცხადებას ლიდერებმა ხელი მოაწერეს>>>

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების არჩევანსა და შედეგებს, რომელსაც ცესკო გამოაცხადებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებისა და „ეუთო/ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა აქციის ფონზე გაიმართა.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მის არალეგიტიმურად გამოცხადებას მოითხოვს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით პარლამენტში შესულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, პროტესტის ნიშნად, გუშინ ხელი მოაწერეს მემორანდუმს და დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადეს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა.