რურუაზე თავდასხმაში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს

ქართული ოპოზიციური პარტიები ნიკა რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელ გიორგი რურუაზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილი, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

გლდანის ციხეში გიორგი რურუა სცემეს

რურუა სასჯელს გლდანის მერვე დაწესებულებაში იხდის. საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის ივლისში რურუა იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 2 ნოემბერს რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები დაესხნენ თავს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რურუა პატიმრებმა იმ დროს სცემეს, როდესაც ის ადვოკატთან პაემანზე იყო გამოყვანილი. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი.

„N8 პენიტენციური დაწესებულების 5 პატიმარი, რომლებიც 2 ნოემბერს გიორგი რურუას წინააღმდეგ ინციდენტში მონაწილეობდნენ, 3 ნოემბერს მკაცრი რეჟიმის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნენ გადაყვანილი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ინციდენტში მონაწილეობის გამო მათ რეჟიმი გაუმკაცრდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გიორგი რურუას წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად) დაიწყო.

ქართული ოპოზიციური პარტიები ნიკა რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.