თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. რუსეთი მზადაა ევროპის საბჭოსთან ითანამშრომლოს კორონავირუსის ვაქცინაციის საკითხებზე, მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე ონლაინსესიის მონაწილეებს. ამის შესახებ იუწყება РИА Новости.
ლავროვის თქმით, კორონავირუსმა დაამტკიცა, რომ ევროპელებს საერთო საფრთხეების პირისპირ ერთობის შენარჩუნება სჭირდებათ.
„რუსეთში სერტიფიცირებულია კორონავირუსის პირველი ვაქცინა „სპუტნიკ V“. მუშავდება კიდევ ორი ვაქცინა... ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ეს წარმატება ყველას არ უხარია. მაგრამ არანაირი პოლიტიკური მოსაზრებები, არანაირი ეკონომიკური გათვლები არ უნდა დადგეს საკუთარ მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებზე მაღლა“, - განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს ყოველთვის სჯეროდა „ევროპის საბჭოს გამაერთიანებელი პოტენციალის“ და მასში „საერთო ევროპული სახლის პირველსახეს“ ხედავდა.
„თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ „სახლში“ ჩვენი ოცდახუთწლიანი ცხოვრების გამოცდილება არცალსახაა - არის როგორც უდავო მიღწევები, ისე აუხდენელი ოცნებები და იმედგაცრუებები“, - დაასკვნა ლავროვმა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკV", რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. ვაქცინა სამკვირიანი შუალედით პრეპარატის ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს.
სექტემბერში რუსულ სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ დასრულდა SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები. როგორც „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განაცხადა, „ვექტორის“ ვაქცინა სახელწოდებით „ეპივაკკორონა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე რუსული ვაქცინა გახდება.
წინა კვირას უნგრეთმა რუსეთსა ან ჩინეთში წარმოებული ვაქცინის შეძენის მზადყოფნა გამოხატა. ევროკომისიის პასუხი კი იყო, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეიძლება ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებსაც ევროპაში სერტიფიცირება არ გაუვლიათ.