„პასუხს ოპოზიცია აგებს“ – კობახიძე მონოპარტიული პარლამენტის პერსპექტივაზე

„ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მეათე მოწვევის პარლამენტი, როგორც ეს ნავარაუდევი იყო, მრავალპარტიული იყოს.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არასწორად მიიჩნევს, თუ მომავალ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია იქნება წარმოდგენილი.

სალომე ზურაბიშვილი თამარ ჟვანიას შეხვდა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე.

„პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნების" ყოფნა არ იქნება სწორი სურათი, მაგრამ ამ სურათზე პასუხისმგებელი იქნება ოპოზიცია, რომელსაც არ ექნება ამის გასაკეთებლად საფუძველი. ​ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი არგუმენტი – უზუსტობებია ოქმებში.

„როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არშემოსვლის მიზეზებზე საუბრობს, მთავარ არგუმენტად მოჰყავს უზუსტობები ოქმებში. სწორედ ეს პროცესი წარიმართება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ყველა ერთად შეხედავს, რა ხარისხის იყო ეს უზუსტობები. ამის შემდეგ მათი ერთადერთი არგუმენტი მოიხსნება“, – აღნიშნა კობახიძემ.

  • „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ის შედეგი, რაც მიღწეული იქნა ამ საარჩევნო სისტემით. ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი, რაც საქართველოში არ ყოფილა 1992 წლიდან მოყოლებული, განაცხადა კობახიძემ.

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა ტიპის არჩევნებში მექანიკური, ტექნიკური და ადამიანური შეცდომების შემცველ 7900-მდე ოქმს სწავლობს.

თამარ ჟვანია: ცესკო 8 ათასამდე ოქმის სიზუსტეს სწავლობს

ცესკოს თავმჯდომარემ აღიარა, რომ დარღვევები იყო და ისინი თითოეულ ფაქტს სწავლობენ.

როგორც მან აღნიშნა, ამ არჩევნებზე მეტი ოქმია შესასწორებელი – ბოლო მონაცემებით, 500-ზე მეტი – მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ოქმების რაოდენობა საარჩევნო უბნების რაოდენობას შეესაბამება.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, შესწორების ოქმი არის საარჩევნო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი პროცედურა და ის წარმოადგენს ჩვეულებრივი შემაჯამებელი ოქმის ერთიან შემადგენელ ნაწილს.

თამარ ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ ცესკომ შესწორების ოქმები უკვე განათავსა თავის ვებ-გვერდზე და Facebook-გვერდზე.