მსოფლიო დღეს

კარანტინს შემაძრწუნებელი შედეგები აქვს: მსოფლიოს წამყვანი ფსიქიატრები მიმართვას ავრცელებენ

მსოფლიოს 42 წამყვანი ფსიქიატრი მთავრობებს დაჟინებით მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის „მიზანმიმართული დაცვით“ ჩანაცვლდეს.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში ახალი შემაკავებელი ზომებისა და „ლოკდაუნების“ გამოცხადების ფონზე ორმოცზე მეტი წამყვანი ფსიქიატრი ავრცელებს გაფრთხილებას, რომ იზოლაცია იწვევს თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, ალკოჰოლიზმისა და ოჯახში ძალადობის აფეთქებას, იუწყება Daily Mail.

COVID-19 იშვიათ სიმპტომებსა და უცნაურ შედეგებს ავლენს: განკურნებულის ნაამბობი

42 ექსპერტის ღია წერილში ნათქვამია, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება იზოლაცია, მით უფრო იზრდება „გვერდითი ზიანი“.

ფსიქოლოგ-კონსულტანტი კერი ნიქსონი ამტკიცებს:

„იზოლაცია არის COVID-ით სიკვდილის პრევენცია. მაგრამ ის ასევე აუცილებლად გამოიწვევს სიკვდილის ახალ შემთხვევებს, არა მხოლოდ სხვა ფიზიკური დაავადებებისგან, როგორიცაა კიბო, არამედ ალკოჰოლიზმისგან, ნარკომანიისა და თვითმკვლელობისგან, რომელთა რიცხვმაც მიმდინარე წელს უკვე მკვეთრად მოიმატა. ეს ასევე გაამძაფრებს უკიდურესი მარტოობის შეგრძნებასა და დეპრესიას, რაც განსაკუთრებით ხანდაზმულთათვის მკვლელებად მიიჩნევა. ბედის ირონიით, ეს მათ კიდევ უფრო დაუცველს გახდის COVID-ის მიმართ“.

ფსიქიატრთა ღია წერილი შეიცავს მოწოდებას, რომ მკაცრი შეზღუდვები მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის „მიზანმიმართული დაცვით“ ჩანაცვლდეს.

სპეციალისტები აკონკრეტებენ, რომ პირველი „ლოკდაუნის“ მომენტიდან „დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ძლიერ დაზარალდა, გაიზარდა სტრესის, შფოთვის, დეპრესიის დაფიქსირებული შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, მოიმატა ალკოჰოლის მოხმარებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებმა, ასევე სუიციდურმა აზრებმა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში“. 

COVID-19 ბავშვებს ახალი საფრთხით ემუქრება: პედიატრი სამომავლო პრობლემას ასახელებს

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გაშუქებისას მასმედია „ფოკუსირებულია უკიდურეს შიშსა და საფრთხეზე“, ხოლო ხანგრძლივი შიში ზიანს აყენებს და აქვეითებს იმუნიტეტს. ამ შიშის შედეგებში შედის ასევე ფობიებისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობების ზრდა.  

„ზოგ ბავშვს ჩამოუყალიბდება რწმენა, რომ „სამყარო სახიფათოა, გადამდები და საშიში“, რაც სერიოზულ ნეგატიურ ფსიქოლოგიურ შედეგებს გამოიწვევს. სოციალური კავშირები და ადამიანური შეხება აუცილებელია ფსიქოლოგიური სტაბილურობისთვის“, — ნათქვამია ღია წერილში.

მიმართვაში ექსპერტები ეყრდნობიან 42 სამეცნიერო სტატიას, რომელთა თანახმადაც პირველი იზოლაციის შემდეგ ფსიქიკური დაავადებების შემთხვევები 60 პროცენტით გაიზარდა.

ამასთან, კემბრიჯისა და ეკსეტერის უნივერსიტეტების სწავლულებმა დაადგინეს, რომ თუ აქამდე „სავარაუდო ფსიქიკური აშლილობის“ მქონე ბავშვების რაოდენობა ცხრიდან ერთი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი არის ექვსიდან ერთი.

წერილის ბოლოს ფსიქიატრიის ექსპერტები აცხადებენ, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობა აუცილებლად უნდა განიხილებოდეს უფრო ფართო კონტექსტში და დაჟინებით მოითხოვენ, „გადაიხედოს არსებული ზომები და მიდგომები“.