თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის შენობასთან ვითარება დაიძაბა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საოლქო კომისიების სხდომები ქვეყნის დიდ ქალაქებში მომიტინგეების სტვენისა და საყვირების ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კომისიები შედეგების გაყალბებას აპირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ჩაიმტვრა საოლქო კომისიის შენობაში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის შუშა. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება.
კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა, არასამთავრობოებმა და ოპოზიციის მხარდამჭერებმა 79-ე ოლქის შენობასთან სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.
ამ წუთებში, ბათუმის 79-ე ოლქში საბოლოო შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს. ოპოზიცია ხმების დათვლაზე დასწრების ნებართვას ითხოვს.
ცესკოს წარმომადგენლის თქმით, საოლქო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვს მხოლოდ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის ერთ წარმომადგენელს, ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ ადგილობრივ დამკვირვებელს, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს თარჯიმანთან ერთად და ასევე აკრედიტირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.
ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველთა ხმების 48,22% აქვს და 13 მაჟორიტარულ ოლქში მოგების შედეგად ის საპარლამენტო უმრავლესობას აყალიბებს. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა უარი მანდატებზე და 17 ოლქში მეორე ტურში მონაწილეობაზე. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და უქმეებზე თბილისსა და ბათუმში ამ მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.