თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკვანძო შტატ ნევადაში, სადაც მანამდე ჯო ბაიდენი ლიდერობდა, მნიშვნელოვნად შეამცირა ჩამორჩენა.
ამ დროისათვის ნევადაში ხმების 67%-ია დათვლილი. არსებული შედეგების თანახმად, რესპუბლიკელ ტრამპს 48,6% აქვს, ხოლო დემოკრატ ბაიდენს – 49,2%. შტატში გამარჯვებული კანდიდატი 6 ელექტორალურ ხმას მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგიისგან.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქში ოთხი საათით შეჩერდა ფოსტით მიღებული ხმების დათვლა, ვინაიდან ერთ-ერთ უბანზე წყალსადენი მილი გასკდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არც ერთი ბიულეტენი არ დაზიანებულა.
ამ მომენტისთვის ჯორჯიაში, სადაც ბიულეტენების 94%-ია დათვლილი, ხმათა რაოდენობით დონალდ ტრამპი ლიდერობს. მას ამომრჩევლების 50,5% უჭერს მხარს, ხოლო ჯო ბაიდენს — 48,3%. შტატში გამარჯვებული კანდიდატი 16 ელექტორალურ ხმას მიიღებს.
აშშ-ში საარჩევნო სისტემა ორი საფეხურისგან შედგება — მოქალაქეები სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირ კი არ აძლევენ ხმას, არამედ თავდაპირველად კენჭს უყრიან ამომრჩეველთა კოლეგიას, რომლებიც შემდეგ თავიანთი კანდიდატის სასარგებლოდ აძლევენ ხმას. არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმას მიიღებს.