თბილისის სახელოვნებო სკოლები დროებით დაიხურება

სახელოვნებო სკოლებში მუშაობა განახლდება მაშინ, როცა საკოორდინაციო საბჭო და ეპიდემიოლოგები შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თბილისის სახელოვნებო სკოლები 5 ნოემბრიდან დროებით დაიხურება, იუწყება თბილისის მერია.

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდა

აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდვითარების გაუარესების გამო და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზეა მიღებული.

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დანიშნულ პერიოდში გარკვეულ სახელოვნებო დარგებში სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდება. იმ დარგებში კი, სადაც დისტანციური სწავლება პრობლემას წარმოადგენს, საგანმანათლებლო პროცესი დროებით შეჩერდება. 

დაინტერესებულმა პირებმა სწავლების ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის სახელოვნებო სკოლების ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. სახელოვნებო სკოლებში მუშაობა განახლდება მაშინ, როცა საკოორდინაციო საბჭო და ეპიდემიოლოგები შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 4 ნოემბრიდან ასევე სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება ღია სივრცეებში, რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო სკოლები დიდ ქალაქებში დისტანციურ სწავლებაზე გადადიან. ხვალიდან თბილისში საბავშვო ბაღებიც დროებით იხურება. გარდა ამისა, მოქმედებს მთელი რიგი სხვა შეზღუდვები.

ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის პაციენტი მკურნალობს

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 537), გარდაიცვალა – 381.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.