თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება

დედაქალაქში 7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას ჯამში 47 ერთეული მიკროავტობუსი და 42 ერთეული ავტობუსი ემატება.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თბილისში 7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ამ ეტაპისთვის თბილისში სწრაფი სატრანზიტო დერეფნების მოწყობა მიმდინარეობს. პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები 24 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

თბილისში ახალი სატრანზიტო საავტობუსე და საუბნო მარშრუტები ამუშავდა

კალაძის განცხადებით, საქალაქო ავტობუსებს ხუთი მარშრუტი, ხოლო მიკროავტობუსების მარშრუტს რვა საუბნო მნიშვნელობის ხაზი დაემატა.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალ ქსელზე, რომელიც ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 13 ახალი მარშრუტი ემატება. აღნიშნულ მარშრუტებზე მხოლოდ და მხოლოდ ახალი ტრანსპორტი ივლის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

7 ნოემბრიდან ჯამში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას 47 ერთეული მიკროავტობუსი და 42 ერთეული ავტობუსი ემატება.

ავტობუსების მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება:

N343 ზემო ფონიჭალა – ვაზისუბნის დასახლება;

N344 ზემო ფონიჭალა – ბარათაშვილის ქუჩა;

N363 თხინვალა – მეტროს სადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი;

N383 ქავთარაძე – ზემო ვაკე – ბარათაშვილის ქუჩა;

N387 წრიული – საბურთალო – ვაკე – საბურთალო.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ:

N482 ახალდაბა – წყნეთი;

N483 წყნეთი – წრიული;

N419 სოფ. აგარაკი – მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტი“;

N463 – ზაჰესი (ჭიჭინაძისა და ცქიტიშვილის ქუჩები);

N464 – ბილფელდის, ჩიქოვანის ქუჩა, სპორტის სასახლე;

N408 აეროპორტის დასახლება – ალექსეევკას დასახლება – მეტროს სადგური „ისანი“;

N457 „სადგურის მოედანი“ – ჯავახიშვილის ქუჩა – ბესიკის ქუჩა;

N476 მეტროს სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ანჯაფარიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შარტავას ქუჩა, სადგურის მოედანი.

მერიის ცნობით, მგზავრები ახალ ხაზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდების საშუალებით მიიღებენ.

კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის განტვირთვისთვის ახალი გზის პროექტი მუშავდება>>

ახალი საავტობუსო ქსელის გაშვებით საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე (მინიმუმ 3 წუთი, მაქსიმუმ 15 წუთი), ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ. შესაბამისად, 1 საათში გადასაყვანი მგზავრების ტევადობა 27000-დან ავიდა 67800 ერთეულამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო.

კალაძე: ეს ქალაქი არის ყველასთვის

ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე. ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება კი იქნება ფიქსირებული, რითიც მარშრუტზე მოძრაობის გრაფიკიდან გადაცდომის და მგზავრის ფეხზე დგომის პრევენცია მოხდება.

მიკროავტობუსების ხაზების მონიტორინგი თანამედროვე GPS და მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით განხორციელდება.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 226 ერთეული 12-მეტრიანი, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა. 2021 წელს ასევე დაგეგმილია 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა.

ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები და ახალი მარშრუტები: რა სიახლეები ელოდება თბილისელებს>>

გარდა ავტობუსებისა, პროექტის ფარგლებში შესყიდულია 300 ერთეული FORD-ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე, „ევრო 5“ ემისიის, ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსი. მიკროავტობუსების სრულად შემოყვანისთვის განსაზღვრულია 180 კალენდარული დღე.