პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება

მივიღეთ გადაწყვეტილება – პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პირბადის ტარება არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 

ჯერჯერობით მხოლოდ რეკომენდაცია: გაიკეთეთ პირბადე ღია სივრცეშიც

მისი განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იქნა მიღებული.

„ვალდებული ვართ ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების ხმარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც. პირბადე არის ერთადერთი საშუალება დღეისათვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ როგორც ჩვენი, ისე სხვისი ჯანმრთელობა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და ხელების ხშირი დაბანა.

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1943-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 44522-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3 080, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 253 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 264 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.