მსოფლიო დღეს

ოთხი დღე ნანგრევებში: თურქმა მაშველებმა კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს ცოცხალი – ვიდეო

მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ასევე ცოცხალი ამოიყვანეს სამი წლის გოგონა, რომელმაც რკინა-ბეტონის კონსტრუქციების ქვეშ 65 საათი გაატარა.
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მიწისძვრიდან ოთხი დღის შემდეგ თურქმა მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი, ოთხი წლის ბავშვი ამოიყვანეს ცოცხალი, იუწყება ტელეარხი NTV.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ასევე ცოცხალი ამოიყვანეს სამი წლის გოგონა, რომელმაც რკინა-ბეტონის კონსტრუქციების ქვეშ 65 საათი გაატარა. გოგონა საავადმყოფოშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

თურქეთის სამაშველო სამსახურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ნანგრევებში არც შინაურ ცხოველებს ტოვებენ და მათი გადარჩენისთვისაც იბრძვიან. გუშინ მათ ნანგრევებიდან ამოიყვანეს ძაღლი სახელად არესი, რის შემდეგაც კატაც გადაარჩინეს. შესაბამის ვიდეოს ქალაქის მერი ტუნჩ სოიერი აქვეყნებს საკუთარ Twitter-ზე.

​30 ოქტომბერს თურქეთის დასავლეთში 6,6 მაგნიტუდის (აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, 7,0 ბალი) მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში მდებარეობდა ქალაქ სეფერიქისარის მახლობლად. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრას ქალაქში მცირე ცუნამიც მოჰყვა. ​ამასთან ძლიერი რყევები (6,9 ბალი) იგრძნობოდა ახლომდებარე ბერძნულ კუნძულებზეც, რა დროსაც კუნძულ სამოსზე ორი მოზარდი დაიღუპა და 20 დაშავდა.

​ბოლო მონაცემებით, თურქეთში ამ დროისათვის დაღუპულია 102 და დაშავებულია 1026 ადამიანი.