„ქართული ოცნება": არჩევნების ხელახლა ჩატარების საფუძველი არ არსებობს

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას, რომელიც 16 ოლქში უნდა გაიმართოს.
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე საუბარი სრულიად უსუსური, უტოპიური მცდელობაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრმა გიორგი კახიანმა. 

თამარ ჟვანია: არჩევნების მეორე ტური ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება

31 ოქტომბერს საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა. ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტიამ აიღო – 48,15%.

ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, და ამტკიცებს, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბებულია.

მმართველი გუნდის პოზიციით კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიზანი არა არჩევნების რეალური შედეგის ნახვა, არამედ პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება და ამ წინასწარ დაგეგმილ სპექტაკლში სხვა პარტიების ჩართვაა.

გიორგი კახიანმა საერთაშორისო მისიების მიერ არჩევნების შეფასებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაზე კითხვის ნიშნები არ დასმულა.

„ოპოზიცია ძალიან მალე მიხვდება, რომ ამ საპროტესტო აქციების და ბოიკოტის ფორმებით ისინი აღმოჩნდებიან პოლიტიკურ ჩრდილში“, – აღნიშნა კახიანმა.

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილიც მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბერს თავისუფალი საარჩევნო უფლება რეალიზებული იყო, ხოლო არჩევნები – კონკურენტული, და ეს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმაც დაადასტურეს.

ოპოზიცია ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს. გუშინ პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით ახალი მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარი განაცხადეს. თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. 

ბოიკოტის მიუხედავად: „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს

ცესკოს მონაცემებით, პარლამენტში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის. ლიდერობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (48,15%) და ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ (27,14%), რომლის შემადგენლობაშიც შედის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტმა: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 

ცესკოს მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად (პროპორციული სიებით) საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის შედეგები ასეთია: „ქართული ოქცება" – 48,15%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27,14%, „ევროპული საქართველო“ – 3,78%, „ლელო საქართველოსთვის“ – 3,15%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, „გირჩი“ – 2,89, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,335, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.

ბოლო მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური ჩატარდება თბილისის ყველა ოლქსა და რეგიონების რვა ოლქში.