რა საერთო აქვს ყვავილს სამკაულთან: ორიგინალური აქსესუარები ქართველი ხელოვანისგან

ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა, დიზაინერმა შორენა ჟღენტმა დაამტკიცა, რომ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ხელობას დამოუკიდებლად დაეუფლო და ყველა საქმიანობა წარმატებად აქციო.
Sputnik

ხატავს, უკრავს, ცეკვავს, დაინტერესებულია იაპონური და ჩინური კულტურებით, ბუნებრივი ყვავილებისგან ქმნის ულამაზეს ხელნაკეთ ნივთებს. საკუთარი ნიჭისა და მონდომების წყალობით მისი ცხოვრება და შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანია.

რა საერთო აქვს ყვავილს სამკაულთან: ორიგინალური აქსესუარები ქართველი ხელოვანისგან

- პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ვარ, ქსოვილის მოხატვის მიმართულებით. სამხატვრო აკადემია დავამთავრე. წარმოშობით გურიიდან ვარ, მაგრამ ამჟამად თბილისში ვცხოვრობთ მე, მეუღლე და ჩვენი კატა. ბავშვობიდანვე ბევრი რამის ინტერესი მქონდა – პიანინოზე დაკვრას, ხალხურ ცეკვებს, ხატვას ვსწავლობდი. ყველაფრის კითხვა მიყვარდა, კროსვორდების შევსება, გეომეტრია და ფიზიკა. ასაკთან ერთად ჩემს ინტერესებს დაემატა ფსიქოლოგია და ფსიქიატრია, აღმოსავლური (იაპონური და ჩინური) კულტურები, რომლებიც ხელოვნების დონეზეა აყვანილი, ფილმები, უძველესი ცივილიზაციებისა და დაფარული ისტორიის კვლევა, რელიგიები, ეზოთერიკა და ყველაფერი, რაც მიღმიერ სამყაროს ეხება. მოკლედ, დიდი არჩევანი მქონდა პროფესიის არჩევისას, თუმცა ისე მოხდა, რომ პროფესიულად ხელოვნებას დავუკავშირდი, კონკრეტულად – ქსოვილის მოხატვას.

რა საერთო აქვს ყვავილს სამკაულთან: ორიგინალური აქსესუარები ქართველი ხელოვანისგან

- როდის და რატომ დაიწყეთ ხელნაკეთი ნივთების შექმნა?

- დედა მეუბნება ხოლმე, სანამ ლაპარაკი ისწავლე, უკვე ხატავდიო. მას შემდეგ ვხატავ და ჩემთვის ხატვა ჩემი შინაგანი სამყაროს და მასთან ჩემი ურთიერთობის გამოხატვის საშუალებაა. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დავიწყე მაისურებზე მოხატვა, მაშინ ახალგაზრდებისთვის ადვილი საშოვნელი არ იყო სასურველი გამოსახულებიანი მაისური ან აქსესუარები. მაისურზე ბეჭდვაც არ იყო ხარისხიანი, ხოლო ფასი – ხელმისაწვდომი. ამიტომ მინდოდა ჩემი თაობის ადამიანებისთვის ეს სიამოვნება ხელმისაწვდომი გამეხადა. ნელ-ნელა „მოქმედების არეალი" გავზარდე და დავიწყე ჭიქებზე და ბლოკნოტებზე ძერწვა, შემდეგ უკვე თმის სამაგრების და სხვა აქსესუარების დამზადება ნამდვილი ყვავილებისგან.

რა საერთო აქვს ყვავილს სამკაულთან: ორიგინალური აქსესუარები ქართველი ხელოვანისგან

- როგორ იქმნება თქენი თითოეული ნამუშევარი, რა მასალებს იყენებთ და რამდენად რთულია მათი შექმნა?

- ჩემი ყველა ნამუშევრის შექნის პროცესი ერთგვარი სინესთეზიაა ჩემთვის, ემოციურად თუ ვერ დავუკავშირდი ადრესატის ხასიათს, ნამუშევარი კარგი ვერ გამოვა და ხშირად უარიც მითქვამს ამის გამო.

მასალები მრავალფეროვანია, დაწყებული ტილოთი, დამთავრებული ბუნებრივი ფლორით, რომელსაც სათითაოდ ვარჩევ ხოლმე. ტექნიკურად რაც უფრო რთულია შესასრულებლად, მით უფრო სასიამოვნოა ჩემთვის, რადგან სწორედ ამ სირთულეებით ვიზრდები და ვვითარდები პროფესიულად უკვე ექვს წელზე მეტია.

რა საერთო აქვს ყვავილს სამკაულთან: ორიგინალური აქსესუარები ქართველი ხელოვანისგან

- რატომ მაინცდამაინც ყვავილები? როგორ ემოციას გასცემენ ისინი და როგორ მოქმედებს ეს იმ ადამიანზე, რომელიც თქვენ აქსესუარებს ატარებს?

- ბავშვობიდანვე, როცა ძველ წიგნში გამშრალ ყვავილს თუ ფოთოლს ვიპოვიდი, უცნაური შეგრძნება მეუფლებოდა. ვგრძნობდი, რომ ყველა მცენარე რაღაც ისტორიას ინახავდა. ყველას ჰქონდა თავისი ხასიათი, ენერგეტიკა. დღემდე ასე ვარ მცენარეებთან ურთიერთობისას. ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია მის საყვარელ მცენარეს. ადამიანი ყოველთვის ირჩევს იმ აქსესუარს, რომელშიც თავისი ხასიათის მსგავსი ყვავილია და ის ყვავილი ყოველთვის პოზიტიურად იმოქმედებს თავის მფლობელზე.

რა საერთო აქვს ყვავილს სამკაულთან: ორიგინალური აქსესუარები ქართველი ხელოვანისგან

- პირველი ნამუშევარი გაიხსენეთ, ვისთვის შექმენით და როგორი გამოვიდა?

- პირველი ნამუშევარი იმდენად პატარა ასაკში მქონდა, რომ ვერ ვიხსენებ. ყველაზე ადრეული რაც მახსენდება, ესაა დედისთვის დახატული მისალოცი ბარათი დედის დღეზე. როგორც ვიცი, დღემდე ინახავს, ეტყობა არც ისე ცუდი გამომსვლია.

რა საერთო აქვს ყვავილს სამკაულთან: ორიგინალური აქსესუარები ქართველი ხელოვანისგან

- სახლში თუ გაქვთ ცოცხალი ყვავილები, თუ გიყვართ მათი გახარება და მოვლა?

- უფრო მეტად მინდვრის ყვავილები მიყვარს, ჩემთვის ბუნებრიობასთან, უბრალოებასთან და სილაღესთან ასოცირდება. თუმცა, როგორც კი ეზოიან სახლში გადავალ, რამდენიმე ხე და ხე-ყვავილი მაქვს შერჩეული, რომელიც მინდა, რომ ეზოში მქონდეს და ყოველდღე მათი დანახვა მთელი დღის განწყობას მიქმნიდეს. ზოგადად კი ბუნება მიყვარს, ფლორა და ფაუნა, ისეთი, როგორიც ბუნებრივად არის თვითონ. მასთან კონტაქტი და იმის შეგრძნება, რომ მისი ნაწილი ვარ.

რა საერთო აქვს ყვავილს სამკაულთან: ორიგინალური აქსესუარები ქართველი ხელოვანისგან

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ჩემი მათემატიკის მასწავლებელი მეუბნებოდა, აუცილებლად სხვასაც უნდა ასწავლიდეო. ჩემი ყოველი დაგროვილი ცოდნა მჭირდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევქმნა უფრო და უფრო ღირებული ნამუშევრები, არამედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტის გადაცემა შევძლო სხვისთვის – მომავალი თუ თანამედროვე თაობისთვის, და, ვინ იცის, იქნებ მერგოს ბედნიერება და მომავალ გენიოსში გავაღვიძო ის მარცვალი, რომლის ნაყოფიც იცოცხლებს ჩვენი ცივილიზაციის არსებობის განმავლობაში და მის შემდეგაც.