საქართველო რეგულარულ ავიარეისებს კიდევ 12 ქალაქში იწყებს

ფრენების სიხშირის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინდივიდუალურად, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველომ პირდაპირი რეგულარული რეისები კიდევ რამდენიმე მიმართულებით განაახლა. ფრენების გრაფიკი 1-დან 30 ნოემბრამდე გამოქვეყნდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ვებგვერდზე.

საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით მარტის შუა რიცხვებიდან შეაჩერა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. მას შემდეგ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით მხოლოდ სპეცრეისები სრულდებოდა მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად.

Wizz Air საქართველოში ბაზას, სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულზე აღადგენს

შუა ზაფხულიდან განახლდა რეგულარული რეისები მიუნხენში, პარიზსა და რიგაში. ოქტომბრის დასაწყისში შედარებით იაფმა Wizzair-მა ქუთაისიდან რიგაში რეგულარული რეისები განაახლა.

ნოემბერში პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასევე შესრულდება დოჰას, სტამბოლის, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის, მინსკის, კიევისა და აქტაუს მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი - ვილნიუსსა და დორტმუნდში.

ფრენების სიხშირის შესახებ გადაწყვეტილებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იღებს ინდივიდუალურად ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, ეს ასევე დამოკიდებულია თავად კომპანიებსა და მათ კომერციულ შესაძლებლობებზე.

საქართველოში უცხოელებისთვის შემოსვლის ახალი წესები

საქართველომ შეცვალა უცხოელი მოქალაქეებისთვის კარანტინის გავლის წესები და ამიერიდან უცხოელებისა და საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საკარანტინო ზონაში აღარ მოხვდება.

  • სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. StopCov ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 42 579 შემთხვევა. პანდემიის დასაწყისიდან გამოჯანმრთელდა 26 800 პაციენტი, გარდაიცვალა 342 ადამიანი.

ახალი წესების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც ევროპის 13 ქვეყნიდან ჩამოვლენ, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში გაკეთებული უარყოფითი PCR-ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

ეს ქვეყნებია: ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია და ისლანდია.

ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

საქართველოს სხვა მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში მხოლოდ რვადღიან თვითიზოლაციას გაივლიან. თუ მგზავრს ტესტი არ ექნება გაკეთებული, მისთვის კარანტინი სავალდებულოა.

იგივე ეხება ზემოხსენებული ქვეყნების მოქალაქეებსა და ბინადრობის ნებართვის მფლობელებს ამ ქვეყნებში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოში ამ ქვეყნებიდან თვითმფრინავით ჩამოვლენ.

უცხოელ სტუდენტებს კი ტესტის წარმოდგენის შემთხვევაშიც კარანტინის გავლა მაინც მოუწევთ. ამასთან კარანტინის ხარჯის გასტუმრება თავად მოუწევთ.