ოპოზიციის ბოიკოტი: უარი პარლამენტში შესვლაზე და მეორე ტურში მონაწილეობაზე

ცესკოს მონაცემებით, ბიულეტენების 100 პროცენტის დათვლის შედეგად პარტია „ევროპულმა საქართველომ“ 3.78, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ 3.14 პროცენტი მიიღო.
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. გადაწყვეტილება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ დაადასტურა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არც მაჟორიტარულ ოლქებში გასამართ მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

საბოტაჟი გამოსავალი არაა – კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობას „ქართული ოცნება" ჩამოაყალიბებს

„უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ. ასევე მონაწილეობას არ მივიღებთ მეორე ტურებში. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ეს არ არის რიგითი პროტესტი და რიგითი ბოიკოტი“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა.

დავით ბაქრაძის თქმით, საქმე გვაქვს გაყალბების სახელმწიფო მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან.

„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ხუთი მანდატი მოიპოვა.

ასევე პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა „პატრიოტთა ალიანსმაც“. გადაწყვეტილება გოჩა თევდორაძემ გამოაცხადა.

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ არჩევნების შედეგებით მოწვეულ პარლამენტში მონაწილეობა არ მივიღოთ. მეტიც, ვაპირებთ მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

ამავე დროს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებულია დაზღვევის მექანიზმები, რომ ოპოზიციას ახალი მთავრობის ჩამოყალიბების დროს საბოტაჟის შესაძლებლობა არ მიეცეს. 

უფრო ადრე ექსპერტმა კონსტიტუციის საკითხებში ვახტანგ ხმალაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია უარს იტყვის თავის მანდატებზე და არ შევა პარლამენტში, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მათ გარეშე მუშაობას შეძლებს. თუ პოლიტიკოსი მანდატზე უარს იტყვის, მისი მანდატი სიაში შემდეგს ერგება. ვინმესთვის მანდატის გადაცემა დაუშვებელია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული წესით არჩეული იტყვის უარს მანდატზე, მაშინ ოლქში შუალედური არჩევნები დაინიშნება.

რა მოხდება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის? – ექსპერტის მოსაზრება

„პატრიოტთა ალიანსმა“ 31 ოქტომბერს გამართულ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 3.14 პროცენტი მოიპოვა, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ – 3.78 პროცენტი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად (პროპორციული სიებით) საპარლამენტო არჩევნებზე 48,15%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. 27,14%-ით მეორე ადგილზეა ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“.

ბოლო მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური ჩატარდება თბილისის ყველა ოლქსა და რეგიონების რვა ოლქში.