„მე მიყვარს ჩემი კიბო, რადგან მან სიყვარული მასწავლა”, ანუ ორ ცას შუა მოქცეული ხელოვნება

გვიანი შემოდგომა მისთვის წელიწადის ყველაზე საყვარელი დრო იყო, თბილისში ამ დროს გამართულ ტრადიციულ „საშემოდგომო გამოფენებში” იღებდა მონაწილეობას.
Sputnik

ხისგან ნივთებისა და სამკაულების შექმნით ბავშვობიდან დაინტერესდა. შემდეგ დიდი გზა გაიარა და ერთ დღესაც გახდა საქართველოში პირველი ქალი, ვინც ხისა და ლითონის სპეციალობა აითვისა. მისი ნამუშევრები, როგორც საუკეთესო, ბევრჯერ აღიარეს. საინტერესო ხელოვანზე, აწ გარდაცვლილ მაია მირზიაშვილზე მის დას მარინა ბექაურს ვესაუბრებით...

„მე მიყვარს ჩემი კიბო, რადგან მან სიყვარული მასწავლა”, ანუ ორ ცას შუა მოქცეული ხელოვნება

- ქალბატონო მარინა, რა ასოციაციებს გიჩენთ შემოდგომა?      

- მაიას უყვარდა ძალიან შემოდგომა, ყოველ წელს სახლში შემოდგომის კუთხეს აწყობდა. უყვარდა სხვადასხვა ფორმისა და ფერის გოგრები, რომელსაც ინტერიერის გასალამაზებლად იყენებდა. დღესაც არის სახლში მის მიერ შერჩეული უცნაური ფორმის გოგრები და საოცარი ხელნაკეთი ნამუშევრები, რომლებსაც მაიკოს ხელწერა, გემოვნება და სული შემორჩა... ჩვენ, მის ახლობლებს ყოველ შემოდგომას მისი მონატრება გვიმძაფრდება...

„მე მიყვარს ჩემი კიბო, რადგან მან სიყვარული მასწავლა”, ანუ ორ ცას შუა მოქცეული ხელოვნება

- საშემოდგომო გამოფენებში ხშირად იღებდა მონაწილეობას?

- დიახ, საშემოდგომო გამოფენებზე ყოველ წელს იღებდა მონაწილეობას, რაც ტელევიზიითაც შუქდებოდა. მახსენდება, პირველი გამოფენა მეათე კლასში ჰქონდა. ის გამოფენა მაშინ ხელოვნების მუშაკთა სახლში ჩატარდა. აწ განსვენებული მხატვარი, ქალბატონი ნანა ბოტკოველი ძალიან დაინტერესდა მაიას ნამუშევრებით. შემდეგ მისი დახმარებით და მასთან ერთად ქართული სამკაულის გამოფენებზეც გამოდიოდა.

„მე მიყვარს ჩემი კიბო, რადგან მან სიყვარული მასწავლა”, ანუ ორ ცას შუა მოქცეული ხელოვნება

- რატომ აირჩია სამუშაო მასალად ხე, რომლისგანაც სამკაულებს ამზადებდა?

- ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით, როდესაც მამა, პროფესიით მეტყევე-ინჟინერი ვალიკო მირზიაშვილი ხეზე მუშაობით იყო გატაცებული. ამისთვის მან სპეციალურად შეიძინა დაზგა და თავის პატარა სახელოსნოში საოცარ ხის ნივთებს ჩარხავდა: თასებს, ჭიქებს, შანდლებს და ა.შ. მაიკოს ბავშვობიდანვე აინტერესებდა მამის ყურება და სახელოსნოში სულ მის გვერდით იყო. ალბათ პროფესიის არჩევის დროს მისთვის მთავარი მოტივაციაც ეს გახდა...

„მე მიყვარს ჩემი კიბო, რადგან მან სიყვარული მასწავლა”, ანუ ორ ცას შუა მოქცეული ხელოვნება

- მან სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ამ მიმართულებით მაშინ ცოტა თუ მუშაობდა...

- დიახ, სამხატვრო აკადემია დაამთავრა, გამოყენებითი ხელოვნების დარგი - ხისა და ლითონის მიმართულებით. მაია ჭედურობაზეც მუშაობდა სამჭედლო საამქროში. მის სადიპლომო ნამუშევრებში ჭედურობის ელემენტები და ტყავი იყო შერწყმული. სხვათა შორის, მაიკო იყო პირველი ქალი, ვინც ჩვენთან ხისა და ლითონის სპეციალობა აითვისა და შეისწავლა. მან ასევე დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა თემა, რომელიც ეხებოდა სამკაულის დანიშნულებას ქალის ცხოვრებაში ანტიკური ხანიდან მოყოლებული, კერძოდ, მედეას დროინდელი სამკაულები...

„მე მიყვარს ჩემი კიბო, რადგან მან სიყვარული მასწავლა”, ანუ ორ ცას შუა მოქცეული ხელოვნება

- მოდით, მკითხველს შევახსენოთ ის წარმატებები, რასაც მან მიაღწია ამ სფეროში...

- 15 წლის წინ მაიკო აქტიურ მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო კონკურსებსა თუ გამოფენებში. გავიხსენებ ესპანეთს, სადაც ის ახალგაზრდა მხატვართა გამოფენაზე დააჯილდოვეს როგორც ნიჭიერი მხატვარი. შემდეგ დააჯილდოვეს როგორც შემოქმედი ქალი, რომელიც ხესა და ლითონის მიმართულებით მუშაობს.

- მან 90-იან წლებშიც მიიქცია საზოგადოების ყურადღება, რომელ ფაქტს გაიხსენებთ?

- როდესაც ქალბატონმა მაკა ასათიანმა ერთ-ერთ გამოფენაზე მაიკოს ნამუშევრები ნახა, პირადად დაუკავშირდა მას და ამის შესახებ უთხრა. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი საქართველოში – მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სამოქალაქო ომი, უშუქობა... მახსოვს, მაიკო მუშაობას მხოლოდ გვიან ღამით ახერხებდა, როცა სინათლე მოდიოდა. იმ დროს ჩატარებულ მოდის ჩვენებაზე ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი იყო მაიკოს მიერ შექმნილი ხის ჰალსტუხი, რომელიც მაკა ასათიანის მოდელმა წარმოადგინა. მაშინ ამ ნამუშევარმა დიდი ოვაცია გამოიწვია. ამის გარდა ჩვენებაზე იყო მის მიერ დამზადებული მძივები და კაბის დეტალები…

„მე მიყვარს ჩემი კიბო, რადგან მან სიყვარული მასწავლა”, ანუ ორ ცას შუა მოქცეული ხელოვნება

- თავად მას რომელი ნამუშევარი მოსწონდა?

- მაიკოს საავტორო ნამუშევრებიდან გამორჩეულია ბეჭედი „ორ ცას შუა”, რომელსაც თავად ფილოსოფიურ ახსნას აძლევდა და მისი საყვარელი ბეჭედი იყო...

„მე მიყვარს ჩემი კიბო, რადგან მან სიყვარული მასწავლა”, ანუ ორ ცას შუა მოქცეული ხელოვნება

- ვიცი, რომ ხის ჯვრებს ამზადებდა, ამასთან დაკავშირებით რაიმე ამბავს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- დიახ, ის პატრიარქის კურთხევით ხის ჯვრებს აკეთებდა და მათ მისთვის ძვირფას ადამიანებს ჩუქნიდა. სიცოცხლის ბოლო წლებში თავისი ჯვარი აჩუქა პაატა ბურჭულაძეს, რომელიც მისი უსაყვარლესი მუსიკოსი იყო და ძალიან უნდოდა, რომ მისთვის ჯვარი ეჩუქებინა. ერთ-ერთ ტაძარში როცა ერთად მოხვდნენ, სწორედ მაშინ უსახსოვრა. ბატონი პაატა ყოველ წელს, მაიკოს დაბადების დღეზე მას იხსენებდა ხოლმე...

„მე მიყვარს ჩემი კიბო, რადგან მან სიყვარული მასწავლა”, ანუ ორ ცას შუა მოქცეული ხელოვნება

- პერსონალური გამოფენა თუ ჰქონდა?

- გეგმაში ჰქონდა პერსონალური გამოფენის მოწყობა, მაგრამ არ დასცალდა... მაია ერთი პერიოდი აკადემიაში დიპლომანტების ხელმძღვანელი იყო. შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო თავი გაანება. ის უკურნებელი სენით, მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. უცნაურია, მაგრამ სულ ამბობდა – მე მიყვარს ჩემი კიბო, რადგან მან უფლის გზაზე დამაყენა და დიდი სიყვარული მასწავლაო. ბოლო დღეებამდე ეზიარებოდა. არასოდეს არავისთან წუწუნებდა თავის ტკივილებზე, იცინოდა და სხვების პრობლემებს იქით ისმენდა, თანადგომას გამოხატავდა...

- ვიცი, რომ თავის ნამუშევრებს მისივე „ავტოგრაფს“ უკეთებდა...

- დიახ, მას ჰქონდა საკუთარი დამღა, რომელსაც ყველა ნამუშევარზე აკეთებდა. ამით ცნობდნენ მის ნახელავს. როცა გარდაიცვალა, მისი საფლავის ქვაზეც ეს დამღა გავაკეთეთ. ეს მისი ძალიან საკრალური და აუცილებელი ნიშანი იყო...  

„მე მიყვარს ჩემი კიბო, რადგან მან სიყვარული მასწავლა”, ანუ ორ ცას შუა მოქცეული ხელოვნება

- შვილებს თუ გამოჰყვათ დედის ნიჭი?

- მაიას უმცროსი ვაჟი ლუკა მელიქიშვილი კარგად ხატავს. როგორც ჩანს, მშობლების კვალს გაჰყვება და მხატვარი გამოვა. მან უკვე იცის, რომ აკადემიაში ჩააბარებს. ის ახლა 13 წლისაა, თბილისის მე-20 სკოლაში სწავლობს, თავისუფალ დროს კი ხატავს. მჯერა, რომ მაიკოს სიცოცხლე და ნიჭი მასში გაგრძელდება და წარმატებასაც უდავოდ მიაღწევს...