მოსაზრება: აშშ-ის რომელი პრეზიდენტია ხელსაყრელი რუსეთისთვის?

რა საქმე აქვს რუსეთს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან? ვინც უნდა გაიმარჯვოს 3 ნოემბერს, ორი ქვეყნის ურთიერთობაში ხომ პრინციპული ცვლილებები არ მოხდება?
Sputnik

პიოტრ აკოპოვი

თავად აშშ-ში კი მღელვარება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება — ტრამპის გამარჯვებისა თუ დამარცხების მიუხედავად. ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის, რა ერქმევა აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში?

რუსეთში პოპულარული ეს თვალსაზრისი ძირეულად მცდარია.

მოსაზრება: ბაიდენის არჩევნებში დამარცხებას რუსეთს ვერ დააბრალებენ

აშშ-ს სისტემური კრიზისის პერიოდი უდგას, თანაც ეს ერთდროულად ამერიკის შიდა კრიზისიცაა და ამერიკის გარშემო არსებული სამყაროს წესრიგის, გლობალიზაციის ატლანტიკური მოდელის კრიზისიც. ამ პროცესების გავრცელების სიჩქარისა და ვადების პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ უეჭველია, რომ ისინი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამიტომ რუსეთისთვის სულ ერთი ვერ იქნება, რა მდგომარეობაშია აშშ-ის საქმეები, ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი შემდგომი მოქმედებები მსოფლიო არენაზე.

იმის თქმა, რომ რუსეთს ერთმნიშვნელოვნად აწყობს გახლეჩილი და ჯანყში ჩაფლული შტატების ხილვა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მათ ნაკლები ძალა და შესაძლებლობები ექნებათ საგარეო აქტივობისთვის, ძალიან მარტივი აზროვნებაა. თუნდაც იმიტომ, რომ ჯანყი სხვადასხვანაირი არსებობს, მაგალითად, XIX საუკუნის სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომიდან ამერიკა არსებითად გაძლიერებული გამოვიდა და უკვე ნახევარი საუკუნის შემდეგ მსოფლიო ბატონობისკენ აიღო კურსი.

ახლა, რა თქმა უნდა, სხვა ვითარებაა, მაგრამ აშშ-ში შიდა პრობლემების პრაქტიკულად გარდაუვალი ზრდა არანაირად არ ნიშნავს შტატების ჩამოსვლას გეოპოლიტიკური სიმაღლეებიდან. ამერიკა უკან დახევას განაგრძობს, მაგრამ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამას ორგანიზებული, გააზრებული ხასიათი ჰქონდეს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ნაკლები იქნება ქაოტური, გიჟური მოქმედებების ალბათობა სერიიდან „დღეს ვაშინგტონი დამარცხდა, ხვალ კი კონტრშეტევაზე გადადის და შემთხვევით ბირთვულ ომს აწყობს“.

მოსაზრება: ტრამპმა და პუტინმა „საოქტომბრო სიურპრიზი“ მოამზადეს

რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, ხელსაყრელია, რომ შტატები უფრო მეტად საკუთარი თავით იყოს დაკავებული. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მღელვარება, რომლითაც ტრამპის მოწინააღმდეგეები ყველას აშინებენ, სწორედ მისი მარცხის შემთხვევაში უფრო დაიწყება. უფრო მეტიც, თუ მოქმედ პრეზიდენტს დამარცხებულად გამოაცხადებენ, განხეთქილება იმაზე უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე მისი ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში იქნებოდა: ტრამპის მომხრეებს არ სჯერათ, რომ ბაიდენი პატიოსან ბრძოლაში გაიმარჯვებს. ამერიკა ორადაა გაყოფილი — მაგრამ თუ ტრამპს უამრავი სრულიად გულწრფელი მომხრე ჰყავს, ბაიდენის მხარეს ასეთები არ  შეინიშნება. მას ხმას ტრამპის მოწინააღმდეგეები მისცემენ — ყველა ის, ვისაც ამერიკული ელიტები და მასმედია მთელი ოთხი წლის განმავლობაში აშინებდნენ „საშინელი ჰომოფობით, სექსისტითა და ფაშისტით“. ამიტომ ტრამპის დამარცხება საფრთხის შემცველია აშშ-ის შიდა კონფლიქტებისთვის, ხოლო ბაიდენის საგარეო პოლიტიკა ნამდვილად ნაკლებად ხელსაყრელი იქნება რუსეთისთვის.

ბაიდენი არ წამოიწყებს ახალ ომებს და არ დააწესებს ახალ სანქციებს. საქმე ისიც კი არ არის, რომ მან უკვე დაადანაშაულა რუსეთი მისი არჩევისთვის ხელის შეშლაში, ანუ მისი ვაჟის კომპიუტერის მყარი დისკიდან მასალების პუბლიკაციაში. ის უბრალოდ დაუბრუნდება ამერიკის ადრინდელ პოლიტიკას, ანუ იმას, რაც ასე სურს გლობალისტურად განწყობილი ელიტის ნაწილს: ამერიკამ უნდა მწყემსოს ხალხები და განაგრძოს გლობალური ატლანტიკური პროექტის მშენებლობა.  

ეს ამერიკისთვის თვითმკვლელობის გზაა, მაგრამ ბაიდენი, ანუ ამერიკული ისტებლიშმენტი შეეცდება, დააბრუნოს ამ გზაზე ქვეყანა და მასთან ერთად დანარჩენი სამყაროც, რომელიც უკვე დაემშვიდობა ერთადერთი ზესახელმწიფოს გარშემო აგებულ წესრიგს. გასაგებია, რომ ბაიდენს უკიდურესად გაუჭირდება კურსის შეცვლა, მით უმეტეს, რომ მისი ადმინისტრაცია ძირითადად შიდა პოლიტიკურ პრობლემებში იქნება ჩაფლული. მაგრამ თავად რევანშაღებული დემოკრატების განწყობა სწორედ ასეთი იქნება.

მოსაზრება: კრემლის მზაკვრული გეგმა – ეს ტრამპის გადარჩენაა

ამ ფონზე ტრამპის ხელახალი არჩევა ერთმნიშვნელოვნად ხელსაყრელია მსოფლიოსთვის. თანაც ორივე ვარიანტში. თუ ტრამპის გამარჯვებას გაჭიანურებული და ღრმა კრიზისი მოჰყვება აშშ-ში, ამერიკა დასუსტდება, ხოლო თუ დიდხანს იქნება საუთარი თავით დაკავებული — პლანეტა მით უფრო წაიწევს წინ შეკავებისა და საპირწონეების ახალი სისტემების, ძალთა ახალი პოსტამერიკული ბალანსის შექმნის მიმართულებით. კრიტიკულად სახიფათო შეიძლება იყოს ცალკე ვარიანტი – აშშ-ის სრული დაშლისა და ბირთვული ზესახელმწიფოს მართვის სისტემის კოლაფსის ვარიანტი. თუმცა ასეთი სცენარი საშუალოვადიან პერსპექტივაში აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

ხოლო თუ გამარჯვების შემდეგ ტრამპი შეტევების მოგერიებასა და ხელისუფლების შენარჩუნებას შეძლებს, მისი მეორე ვადა კიდევ უფრო „ტრამპული“ იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის კონგრესზე სრულ კონტროლს ვერ მიიღებს, მაინც უფრო დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებს — როგორც ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში, ისე მთლიანად საერთაშორისო არენაზე. ის ძველებურად განაგრძობს ზეწოლას, სასტიკად ვაჭრობას და ფსონების აწევას — მაგრამ უფრო „მოლაპარაკებადი“ გახდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს