გოჩა თევდორაძე: „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე

ოპოზიციური პარტიები არ ეთანხმებიან ცესკოს მონაცემებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ.  
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს შედეგებს არ აღიარებს და უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევლენ, განაცხადა პარტიის  პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ.

 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები არ ეთანხმებიან ცესკოს მონაცემებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ. ისინი აქციებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მართავენ. 

რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ აქციაზე თითქმის ყველა ოპოზციური პარტიის ლიდერი იმყოფებოდა, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, გარდა „პატრიოტთა ალიანსის“ და პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.

თევდორაძის განცხადებით, ასეთი არჩევნებით არჩეულ პარლამენტში პარტია არ შევა და მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტის მუშაობაში.

გოჩა თევდორაძის განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების ბათილად ცნობისთვის ბრძოლას დამოუკიდებლად აპირებს და გაერთიანებული ოპოზიციის აქციას არ შეურთდება.

„პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნო კამპანისაც დამოუკიდებლად მართავდა და დამოუკიდებლად განვაგრძობთ ბრძოლას იმის მისაღწევად, რომ ბათილად იქნას ცნობილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები.  ჩვენ არავის შევუერთდებით. აქცია იქნება ჩასატარებელი, დამოუკიდებლად ჩავატარებთ, განცხადებებს დამოუკიდებლად ვაკეთებთ და ჩვენი ბრძოლის გზა იქნება დამოუკიდებელი“, – განაცხადა თევდორაძემ.

ქვეყნის რადიკალური განახლება: რას გვთავაზობს „პატრიოტთა ალიანსი“

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 99%–ის (პროპორციული სიები) დათვლის შედეგად, ლიდერობს „ქართული ოცნება“ – მმართველმა პარტიამ ხმების 48,16% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,12%.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, მას მხარი დაუჭირა 60 522-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო ხმების 3,15%-ია.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად აღიარეს.