მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული

ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ უბანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს.
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. მარნეულის მე-3 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

საარჩევნო უბანთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. საარჩევნო უბანზე მივიდა პოლიციის სამმართველოს უფროსი რუსლან იოსელიანიც, რომელმაც მედიის წარმომადგენლების კითხვებს არ უპასუხა და განაცხადა, რომ ჟურნალისტები ყველაფერს პრეს-სამსახურისგან შეიტყობენ.

საია: კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების  განცხადებით კი „ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე შევიდნენ, შუქი ჩააქრეს და ყუთში ბიულეტინები ჩაყარეს.

დღეს მარნეულში მთელი დღის განმავლობაში პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმი იყო მობილიზებული.

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ორ ავტობუსში და რამდენიმე პიკაპის ტიპის ავტომობილებში არიან განლაგებულები. თუ რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა, ჯერ უცნობია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.