„შეიძლება, მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიც ბევრს ვერ წარმოუდგენია“ - მამუკა მდინარაძე

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ყველა მონაცემით, რომელიც შემოდის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, - განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.

„იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს": პატრიარქმა თავისი არჩევანი გააკეთა

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია, რასაც სჭირდება მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მაქსიმალური აქტიურობა.

„თუ იგივე, ანალოგიური აქტივობა იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან, შეიძლება, მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიც ბევრს ვერ წარმოუდგენია. ამაზე მეტყველებს ყველა ის მონაცემი, რომელიც ახლა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბშია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.