ჯაფარიძე: „გირჩის“ მესამე ადგილი აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მომავლის პარტია, ეშინოდეთ!

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. „გირჩისთვის“ დედაქალაქში მესამე ადგილზე გასვლა გამარჯვების ტოლფასია, განაცხადა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

ჯაფარიძის ინფორმაციით, რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, „გირჩი“ დედაქალაქში მესამე ადგილზე გავიდა.

„გირჩისთვის ეს გამარჯვებაა. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მომავლის პარტია და მზარდი პარტია - ეშინოდეთ! ჩვენ რეკლამაში იმის მეასედი არ დაგვიხარჯავს, რამდენიც დახარჯეს იმ პარტიებმა, რომელიც მოდიან ჩვენს შემდეგ. სხვა პარტიების შემთხვევაში იდეები ნაკლებად იძებნება. ჩვენ კრეატიულები ვართ და ვიცით, როგორ უნდა მივაწოდოთ გზავნილები მოსახლეობას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ეგზიტპოლის შედეგები: პარლამენტში ათამდე პარტია შედის

ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.

ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის.

მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება,  წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.