ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და რას უნდა ველოდოთ მათგან? ექსპერტთა პროგნოზები

უკვე ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა სერიოზული არჩევანი უნდა გააკეთონ – მეათე მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატი აირჩიონ.
Sputnik

საკანონმდებლო ორგანოს სავარძლებზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა – წელს არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

ქართული პარტიების რეიტინგები არჩევნების წინ>>

რას უნდა ველოდოთ დამდეგი არჩევნებისგან და როგორია პარტიების შანსები? ექსპერტთა პროგნოზები და მოსაზრებები.

ძალთა გადანაწილება მომავალ პარლამენტში

ცნობილი სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი, ძირითადად, უკვე ცნობილი პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტდება.

„გამარჯვებას ამ არჩევნებში თავისი ფასი აქვს; მოსალოდნელია, ძალიან ძვირი ფასიც. დავიწყოთ საკანონმდებლო მოცემულობით: პროპორციულ არჩევნებში 40.5%-იან პარტიას აქვს უფლება, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. სხვადასხვა კვლევით, 40.5%-იანი შედეგის მიღწევა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს უმრავლესობის მოპოვებას“, – წერს კაჭკაჭიშვილი თავის ფეისბუქ-გვერდზე.

უბრალო უმრავლესობა პარლამენტში ნიშნავს კანონპროექტების მიღების შესაძლებლობას. სოციოლოგის განმარტებით, 40.5%-იანი შედეგი პროპორციული სიით პარლამენტში 48 ადგილს უდრის.

„მაშასადამე, უმრავლესობის (76 მანდატი) მისაღებად „ქართულ ოცნებას“ + 28 მანდატი სჭირდება მაჟორიტარების ხარჯზე, რომლის მოპოვება მას ნამდვილად არ შეუძლია. არადა, უმრავლეობის გარეშე მთავრობა ვერ დამტკიცდება. ანუ, 40.5%-ის მოპოვება ჯერ კიდევ არ არის გამარჯვება (ან, ფსევდო გამარჯვებაა)“, – დასძენს სოციოლოგი.

ოპოზიციური ტელეარხის გამოკითხვაში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

„დავუშვათ, რომ „ოცნებამ“ აიღო 45% (რისი შანსიც არსებობს). ეს ნიშნავს პროპორციულ არჩევნებში 54 მანდატს. უმრავლესობის მოსაპოვებლად ოცნებას მაჟორიტარების 21 მანდატი სჭირდება, რაც სრულიად რეალისტურია. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: უბრალო უმრავლესობის ხელში „ოცნების“ ხელისუფლება ხდება მყიფე და ის მუდმივად იდგება უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე“, – წერს კაჭკაჭიშვილი.

„რაც შეეხება იმ ვარიანტს, რომ „ოცნება“ 40.5%-ზე ნაკლებს აიღებს (რაც, ასევე, კვლევების მიხედვით, გამორიცხული არ არის), აქ უკვე კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა დგება, ანუ ხელისუფლებაში დარჩენის ან მოსვლის პერსპექტივაში ჩაერთვებიან პარლამენტში მოხვედრილი სხვა პოლიტიკური პარტიები, რაც, ცხადია, რომელიმე ერთი პარტიის გამარჯვებას არ ნიშნავს; თუმცა, ნიშნავს „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული ხელისუფლების დასრულებას“, – აღნიშნავს კაჭკაჭიშვილი.

„ძალთა გადანაწილების ნებისმიერი ზემოაღწერილი დიზაინის შემთხვევაში, ის, რაც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ისაა, რომ მომავალი პარლამენტი აღარ იქნება შავ-თეთრი, ის იქნება მრავალფეროვანი და მასში თავს მოიყრის მოქმედი პოლიტიკოსების უმრავლესობა“, – ასკვნის სოციოლოგი.

მეორე ტური

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა 73-დან 50 მაჟორიტარულ ოლქში. დამდეგ არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემით მხოლოდ 30 დეპუტატს აირჩევენ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ, 2016 წლისგან განსხვავებით, წელს მეორე ტური საჭირო გახდეს 20 მაჟორიტარულ ოლქში მაინც. ექსპერტი ამას მმართველი პარტიის რეიტინგის ვარდნით ხსნის.

„ვფიქრობ, ოლქების უმრავლესობაში მოსალოდნელია მეორე ტურის ჩატარება... 2016 წელს „ქართული ოცნების“ რეიტინგი შედარებით მაღალი იყო და პროპორციულ ნაწილში მათ 48% მიიღეს“, – განუცხადა ჩიტაძემ გაზეთ „რეზონანსს“.

ახლა, როდესაც სხვაობა რეიტინგში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის კიდევ უფრო შემცირდა, ეს იძლევა იმის თქმით საფუძველს, რომ მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტური გაიმართება, აღნიშნავს ექსპერტი.

განსხვავებული აზრისაა ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც მეორე ტურს მხოლოდ 10-მდე მაჟორიტარულ ოლქში, დანარჩენში კი „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ვარაუდობს.

ვის აძლევენ ხმას საქართველოს მოქალაქეები - ახალი გამოკითხვის შედეგები

„იმ ოლქებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, ყველაფერი პირველივე ტურში დასრულდება. თბილისშიც, რამდენიმე ოლქის გამოკლებით, მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებას ველოდები“, – განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსისა და ჟურნალისტის არჩილ გამზარდიას აზრით, მეორე ტური შეიძლება 15 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდეს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ამ მაჟორიტარული ოლქების არსებობას იმიტომ დათანხმდა, რომ აქედან ყველაზე დიდი ნაწილი მიიღოს, ვინაიდან მეტ მხარდაჭერას ელოდება პროპორციულ ნაწილში. დაახლოებით ოლქების ნახევარში შეიძლება ჩატარდება მეორე ტური“, – აღნიშნა გამზარდიამ.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებით, მმართველ პარტიას დიდ ქალაქებში გამარჯვება გაუჭირდება, თუმცა პროპორციულ არჩევნებში ის მაინც გაიმარჯვებს.

„როდესაც ხელისუფლება რეიტინგს კარგავს, ეს ძირითადად დიდ დასახლებულ პუნქტებზე აისახება, ძირითადად, თბილისზე, ქუთაისზე, ზუგდიდსა და ბათუმზე. ამიტომ მმართველ პარტიას გაუჭირდება მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება, განსაკუთრებით, თბილისში, რომელიც ზედმეტად ინფორმირებული და პოლარიზებული ქალაქია. ამ ქალაქებს შეიძლება დაემატოს გორი და თელავი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, „ოცნება“ პროპორციულ არჩევნებს მოიგებს“, – განაცხადა ძაბირაძემ.

არჩევნების დღეს ცესკოში ბრიფინგები ყოველ სამ საათში გაიმართება>>

რაც შეეხება ოპოზიციას, პოლიტოლოგის აზრით, ოპოზიციას ამომრჩეველთა არანაირი მხარდაჭერა არა აქვს, რათა პროპორციული არჩევნები მოიგოს.

ამომრჩეველთა აქტივობა

ბოლო ორ კვირაში იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცემენ ხმას, ორჯერ შემცირდა, ხოლო მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც გადაწყვეტილებას უშუალოდ საარჩევნო ყუთთან მიიღებს, მინიმალური იქნება, ფიქრობს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია Jepra-ს ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი.

სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა, 24-35%-ს შუა მერყეობს.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რასაკვირველია, ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც არ გადაუწყვეტიათ, ვის დაუჭირონ მხარი, შემცირდება. საერთო ტენდენცია ისეთია, რომ არჩევნების დღეს და ერთი დღით ადრე არჩევნებამდე მათი რაოდენობა 10%-მდე მცირდება და ძალიან მცირე რჩება იმათი რიცხვი, ვინც გადაწყვეტილებას უშუალოდ საარჩევნო ყუთთან იღებს“, – ამბობს გალუმაშვილი გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოში არ ჩატარებულა საგანგებო კვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენი პროცენტი იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთან, თუმცა, როგორც გალუმაშვილი აღნიშნავს, მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 4-7%-ს უტოლდება.

არჩევნები საქართველოში – ქართული პარლამენტარიზმის გზა

„ვფიქრობ, საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა, დაახლოებით 15%-ია... ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე აქტივობა 60%-ის ფარგლებში იქნება“, – ამბობს გალუმაშვილი.

ამასთან, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ დამდეგ არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ოპოზიციისთვის ხელსაყრელი არ არის.

„იმ შემთხვევაში, თუ ბევრი ხალხი მივა არჩევნებზე, სასწორი შეიძლება „ნაციონალების“ მხარეს გადაიხაროს, რადგან სწორედ მათი მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც რევანშზე ფიქრობს და აუცილებლად მიდის არჩევნებზე“, – განუცხადა შარაშენიძემ რადიო „ფორტუნას“.

საპირისპირო აზრისაა პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობით.

ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს>>

„ქართული ოცნება“ სულ უფრო ართულებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას, რადგან პარტიას უნდა, არჩევნებზე არ მივიდნენ სხვა პარტიების ამომრჩევლები და ისინი, ვისაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. „ოცნებას“ ჰყავს თავისი ელექტორატი და მან იცის, ვინ უჭერს მხარს. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ახლა ხალხს მაინცდამაინც არ უხარია სახლიდან გამოსვლა და კორონავირუსით დაავადება, ამიტომ ისინი არ მონაწილეობენ წინასაარჩევნო გარემოში აგრესიული ფორმით. ბუნებრივია, ოპოზიციურ პარტიებს უფრო მეტად აწყობთ აქტიურობა“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

შედეგები, აქციები და პროვოკაციები

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე არ გამორიცხავს პროვოკაციებს და სიტუაციის გამწვავებას არჩევნების პერიოდში.

„ვითარებას ძაბავს ოპოზიცია, ძირითადად, „ნაციონალები“ და მათი თანამოაზრეები. მათ ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკითხვა და პირდაპირ დასვეს კითხვა: „არჩევნების გაყალბების შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი რეაქცია – მიიღებთ მონაწილეობას გამოსვლებში თუ სხვა რადიკალურ ზომებს მიმართავთ?“ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი რადიკალური ქმედებებისთვის ემზადებიან. იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა ბელარუსში, ყირგიზეთში, ზოგიერთი შიშობს, რომ ვითარება შეიძლება საქართველოშიც დაიძაბოს. ამის საფუძველი არ არის, რადგან ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ უჭერს. მაგრამ მათ, ვფიქრობ, შეუძლიათ რაღაც რადიკალური ქმედებებისა და პროვოკაციების მოწყობა“, – განუცხადა კიკნაძემ „Sputnik-საქართველოს“.

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, პოლიტოლოგის აზრით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ხოლო მისი კონკურენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაახლოებით 20%-ს აიღებს.

„ყველა დანარჩენი პარტია მცირერიცხოვანია. მაგრამ ახალი კანონი, ძალიან დაბალი ბარიერი მათ პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას აძლევს. ძირითადად, არც ერთი მათგანი საფრთხეს არ წარმოადგენს. შეიძლება ერთად რაღაც რაოდენობა მოაგროვონ, ერთი ადამიანი ერთი პარტიიდან, ორი – მეორედან. ამასთან, ეს უკვე ძველი პარტიებია. ზოგიერთი დიდი ხანია პოლიტიკურ არენაზე მოღვაწეობს და მოსახლეობას ახალს ვერაფერს შესთავაზებს. ამისათვის საჭიროა რესურსები, იდეოლოგია, საჭიროა პოლიტტექნოლოგიები, ეს კი დიდი ფული ღირს“, – აღნიშნა კიკნაძემ.

არჩევნების დროს ინციდენტებს არ გამორიცხავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც.

შსს–ს საგანგებო განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით>>

„წინასაარჩევნო კამპანია დუნედ მიმდინარეობს. მოსახლეობაში დაძაბულობა უმნიშვნელოა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გამწვავებას საარჩევნო უბნებთან ველოდები. ცალკეული ინციდენტები მოსალოდნელია, მაგრამ ისინი, არა მგონია, მასობრივი იყოს ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, განსაკუთრებულ დაპირისპირებას არ ველოდები. უფრო მგონია, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის“, – განუცხადა ძაბირაძემ „Sputnik-საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ანალიტიკოსის აზრით, განსაკუთრებული დარღვევები ან გაყალბება დამდეგ არჩევნებზე მოსალოდნელი არ არის.

„შესაძლოა იყოს გაყალბების მცდელობები, მაგრამ როგორც ადრე იყო, ე.წ. „კარუსელები“, საარჩევნო ყუთების გატაცება და ა.შ., მსგავსი არ მოხდება. ცალკეული რეციდივები ცალკეულ უბნებზე იქნება, მაგრამ ისეთი ხასიათის არა, რომ ადგილობრივმა ან საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენონ“, – აღნიშნა ძაბირაძემ.

ინსტრუქცია: როგორ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში და არ ვავნოთ ჯანმრთელობას

რაც შეეხება მომავალ პარლამენტს, ანალიტიკოსის აზრით, საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით ათი სუბიექტი მოხვდება.

„პირველ ადგილს „ქართული ოცნება“ დაიკავებს. რამდენად მოახერხებს ის 76 მანდატის მიღებას, რომელიც მას მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების შესაძლებლობას მისცემს, რთული სათქმელია. თუმცა ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. იქნება ასევე „ნაცმოძრაობა“, შემდეგ კი ცალკეული პარტიები – მესამე კატეგორია, რომელიც 5%-იანი წარმატების ფარგლებში იმუშავებს. ასეთები არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა მასობრივ საპროტესტო აქციებს არჩევნების შემდეგ, ანალიტიკოსმა მიუგო:

„ამის სურვილი შეიძლება გაუჩნდეთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, მაგრამ, როგორც ვხედავ, დღეს ამომრჩევლებსა და მოსახლეობას მსგავსი საპროტესტო გამოსვლების მზადყოფნა არ აქვს. ძალიან გამიკვირდება, თუ პროტესტი მასობრივ ხასიათს მიიღებს. მხედველობაში მაქვს იმ დონისა და მასშტაბის აქციები, როგორიც იყო, მაგალითად, ბელარუსში. ამის მცდელობა იქნება, მაგრამ სერიოზული საპროტესტო ტალღის დაწყებას ქვეყანაში არ ველოდები“.

დამდეგი არჩევნების მთავარი ინტრიგაა – შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნებას, თუ ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით მოიპოვებს უპირატესობას? მაგრამ კენჭისყრის შედეგები ისტორიული იქნება ყველა შემთხვევაში: „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ისტორიაში პირველად შეინარჩუნებს ერთი პარტია ძალაუფლებას მესამე ვადით. ხოლო თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა, საქართველოს ისტორიაში პირველად მმართველი პარტია მართვის ბერკეტებს დაიბრუნებს.