საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე დოლარების მიწოდებას განაგრძობს

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, შვიდ თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე 20 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 649,65 მილიონი დოლარი გაყიდა.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 3,2334 GEL/$1 შეადგინა. 

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, შვიდ თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე 20 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 649,65 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა დაეცა ნიშნულამდე 3.4842 GEL/$1.

რატომ არ მოქმედებს ლარის კურსის დინამიკა ფასებზე: გვენეტაძის განმარტება

პარასკევისთვის, 30 ოქტომბრისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა – 3,2338 GEL/$1.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოიყენებდა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

ეროვნული ბანკი საქართველოს სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.