საქართველოში რთველი-2020 რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა

ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა. მათი შემოსავალი 310 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რთველი-2020-ის ფარგლებში კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოდან 41 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

უწყების ცნობით, ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა. მათი შემოსავალი 310 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილის შეფასებით წლევანდელი წელი იყო საკმაოდ რთული, არამხოლოდ საქართველოში,  არამედ მევენახეობის მწარმოებელ ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში. 

„მიუხედავად ყველა გამოწვევისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რთველი საქართველოში წარმატებით დასრულდა. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი მევენახეობის სექტორში 2020 წელს არსებულ გამოწვევებს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა

პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, სახელმწიფომ კახეთში 2020 წლის რთველის სუბსიდირება განახორციელა. რომლის პირობების შესაბამისად, მევენახე ფერმერებმა 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანეს სანაცვლოდ მიიღეს მინიმუმ 80 თეთრი.

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი გაიზარდა

კახეთში, რთველის პიკურ პერიოდში, გადამუშავებული ყურძნის დღეღამურმა მაჩვენებელმა 17 ათას ტონას მიაღწია. ყურძნის მიღების პროცესში 220 საწარმო იყო ჩართული.

რთველი 2020-ის ფარგლებში გადამუშავებულია: 175 ათასი ტონა რქაწითელი;  80 ათასი ტონა საფერავი;  5 ათასი ტონა კახური მწვანე; 2400 ტონა „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“.

რაც შეეხება ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, იქ  სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტი იყო გახსნილი, რამაც მოსახლეობას მოსავლის დროული და შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობა მისცა.