მუქარა და ძალადობა: სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა

არასამთავრობოების შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო განსაკუთრებით დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის მასობრივად გავრცელებისა და ამით განპირობებული გამოწვევებისგან.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. მსხვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები, რაც ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა და პარტიულ ოფისებზე თავდასხმებში გამოიხატებოდა. კერძოდ, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ძალადობრივი შემთხვევების 20-მე მეტი ფაქტი გამოავლინეს.

ISFED: სარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ზეწოლისა და მუქარის ფაქტები რჩება

მათი შეფასებით, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევებიც.

ორგანიზაციების განმარტებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამომრჩევლებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, დამკვირვებლებზე, აქტივისტებზე და მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გახშირებული შემთხვევები იყო. კერძოდ, ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების 80-ზე მეტი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წინასაარჩევნო გარემო, ისევე, როგორც მზადება არჩევნების დღისთვის, განსაკუთრებით დაზარალდა ახალი კორონავირუსის პანდემიის მასობრივად გავრცელებისა და ამით განპირობებული გამოწვევებისგან.

სოციალური ქსელი და არჩევნები საქართველოში: რეკლამა, ფეიკები, კომპრომატი>>

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დრამატულად გაიზარდა, რის გამოც ჯანდაცვის სისტემის მიერ მანამდე არსებული ინფიცირებული და იზოლირებული პირების აღრიცხვის სისტემა ბუნდოვანი გახდა, ცესკოს მცდელობა კი, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დადგენილებით დაერეგულირებინა საკითხი, არასაკმარისი აღმოჩნდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რას სთავაზობენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას არჩევნების წინ

პრობლემები გამოვლინდა ასევე ამომრჩეველთა სათანადო ინფორმირებისა და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის კუთხითაც. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ამ ფონზე ათასობით ამომრჩევლის ხმის უფლების რეალიზების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ისეთი პირების აქტივობა და ჩართულობა დაფიქსირდა, რომლებსაც ამის უფლება არ ჰქონდათ. უფრო კონკრეტულად, სააგიტაციო შეხვედრებზე სამუშაო საათების განმავლობაში შეინიშნებოდა ადგილობრივი მოხელეების, ა(ა)იპების თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დასწრება.

ასევე, არასამთავროების მტკიცებით, წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა წარმოადგენდა. კერძოდ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისთვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ან მომსახურების გაწევის 60-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

NDI-მ საქართველოში საარჩევნო კამპანიის ხარვეზებზე მიუთითა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში შესაბამისი წესების დაცვით გაიმართება.