თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა Vigipirate-ს მაქსიმალური დონე გამოცხადდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი ქვეყანაში დღეს მომხდარი რამდენიმე თავდასხმა გახდა, რასაც წინ 16 ოქტომბერს ისტორიის მასწავლებლის სამუელ პატის რადიკალ–ისლამისტის ხელით მკვლელობა უძღოდა წინ.
„მთავრობის პასუხი იქნება მტკიცე, დაუნდობელი და დაუყოვნებელი. მე უკვე მივიღე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე Vigipirate-ს გამოცხადების გადაწყვეტილება „ტერაქტის განგაშის“ დონეზე“, — განაცხადა კასტეკსმა საფრანგეთის ეროვნულ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უშიშროების საბჭოს კრებას პარასკევს, დილით მოიწვევს.
დღეს საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უცნობი მამაკაცი ნიცაში ნოტრ-დამის ეკლესიაში შევიდა, სადაც დანით სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. ზოგი მედიასაშუალების ცნობით, თავდამსხმელმა, რომელიც მალევე დააკავა პოლიციამ, ერთ ასაკოვან ქალბატონს თავიც კი მოჰკვეთა.
ოდნავ მოგვიანებით ქალაქ ავინიონში მამაკაცი პოლიციელებს დაესხა თავს და მათ დაჭრას შეეცადა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
თითქმის იმავდროულად საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დააკავეს ადგილობრივი მოქალაქე, რომელიც საფრანგეთის საკონსულოს დაცვის წევრს დაესხა თავს და, პოლიციის ინფორმაციით, მსუბუქად დაჭრა ის.
აღსანიშნავია, რომ დღეს მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს ზეიმობენ, რომელზე კარიკატურებმაც აღაშფოთა ისლამური სამყარო.