„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა

ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნების“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ქადაგიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა. 

თბილისი, ბათუმი, იმერეთი: ინფიცირებულთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

ქადაგიძის განმარტებით, კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც პირს, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. კახეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ამ დროისათვის იზოლაციაში იმყოფება და სახლის პირობებში გადის მკურნალობას.

„დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ მხნედ, შემართებით და იმედიანად“, – დაწერა ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა 273 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.