თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის რუსულ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს გამოცდაში მონაწილე პირები, რომლებსაც COVID-19 დაუდგინდათ, შესაძლოა იმ ჯგუფში შედიოდნენ, რომელსაც პლაცებო ეძლეოდა, განაცხადა გამალეის ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა РИА Новости-სთან საუბრისას.
მისი თქმით, დეტალები ზუსტად ნოემბრის ბოლოს გახდება ცნობილი, როდესაც მონაცემები გაიშიფრება.
ამასთან გინცბურგი აღნიშნავს, რომ მოხალისეთა ნახევარს, რომლებიც კვლევაში მონაწილეობენ, მხოლოდ ვაქცინის პირველი კომპონენტი აქვთ მიღებული, ხოლო დაახლოებით 9 ათასი ადამიანი უკვე მეორედაც აიცრა.
როგორც გამალეის ცენტრის დირექტორი აცხადებს, პოსტრეგისტრაციული კვლევების დროს ახალი არასასურველი რეაქციები არ დაფიქსირებულა. ასევე არ გამოვლენილა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები მათ შორის, ვინც ზაფხულში მონაწილეობდა „სპუტნიკ V“-ს პირველ კლინიკურ კვლევებში.
„მათზე ოფიციალური დაკვირვება არ მიმდინარეობს, მაგრამ ისინი კავშირზე არიან. რამდენადაც ვიცი, მათ შორის არც კი გაცივებულა ვინმე, არც ავად გამხდარა და არ დაინფიცირებულა“, — განაცხადა გინცბურგმა.
აგვისტოში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად. პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ V“ ორგანიზმში ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს სამკვირიანი ინტერვალით.
ვაქცინის პოსტრეგისტრაციული კლინიკური კვლევები მოსკოვში 7 სექტემბერს დაიწყო, ორი დღის შემდეგ პირველი მოხალისეები აიცრნენ. სულ კვლევებში 40 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 10 ათასს პლაცებოს შეუყვანენ. ეს აუცილებელია ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად.