შეამოწმეთ საკუთარ თავზე: რა ხდება მოწევის „გადაგდების“ შემდეგ – მოკლე ეტაპები

ფსიქიატრ-ნარკოლოგმა პერიოდებად დაყო სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებების ეტაპები და პოპულარულ ენაზე განმარტა, რომელ ეტაპზე რა ხდება ორგანიზმში.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სიგარეტზე უარის თქმით თქვენ არა მარტო დაზოგავთ ფულს, არამედ ცელულიტსაც მოიცილებთ, აცხადებს ფსიქიატრ-ნარკოლოგი ვიქტორია კოვალიოვა და განმარტავს, რამდენად სწრაფად შეიცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის აღდგება ფილტვები, თუ მავნე ჩვევას თავს დააღწევთ.

სპეციალისტმა პერიოდებად დაყო მოწევისთვის თავის დანებების ეტაპები, ცალ-ცალკე აღწერა ისინი და განმარტა, რომელ ეტაპზე რა ხდება ორგანიზმში. 

მიზეზები, რის გამოც უარი უნდა თქვათ მოწევაზე

ოცდაოთხი საათი

უჯრედებს მხოლოდ ერთი დღე-ღამე სჭირდება ნახშირბადის მონოქსიდისგან თავის დასაღწევად და ჟანგბადის სწრაფად ასათვისებლად. დღე-ღამის განმავლობაში ორგანიზმი თავადვე გაიწმინდება ნიკოტინისგან. თუ დიდი ხანია ეწევით, სავარაუდოდ, იგრძნობთ მოთენთილობას, ძილიანობას, თავბრუხვევას.

ორი–თერთმეტი დღე

ჩნდება მოწევის გაუქმების სინდრომი: გაღიზიანებადობა და მომატებული მადა. ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობისთვის სარგებელი „ყველაფერს გამოისყიდის“: უკვე ამ ეტაპზე ფილტვებიდან მძიმე ლითონების მარილები გამოდის. შეიძლება ამოიღოთ მუქი ფერის ნახველი.

„ამ დროს ცუდ განწყობასთან გამკლავება უფრო გაგიიოლდებათ, თუ რაციონიდან შემწვარ და ცხიმიან საკვებს გამორიცხავთ. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოწევის გამო გაქვთ ჩვევა, რაღაც გქონდეთ პირში, გაუცნობიერებლად იწყებთ ხშირად ჭამას. ამის გამო თავიდან შეიძლება ზედმეტი წონა აკრიფოთ. ეს რომ არ მოხდეს, მზესუმზირისა თუ ორცხობილების ნაცვლად გამოიყენეთ უშაქრო ლოლიპები (ყინულკარამელი), სვით მეტი სითხე — სუფთა ან ლიმონიანი წყალი“, – ამბობს სპეციალისტი.

ფსიქიატრ-ნარკოლოგის თქმით, უნიკოტინოდ გატარებული უკვე პირველი კვირის ბოლოს შეამჩნევთ, რომ საკვები უფრო გემრიელი გახდა, წნევა ნორმას დაუბრუნდა, ნაწლავები უკეთესად მუშაობს (შვიდი დღის განმავლობაში ნაწლავების ლორწოვანი გარსის უჯრედები განახლებას ასწრებს). ამ ეტაპზე ვიტამინებიც უკეთ შეიწოვება.

სიგარეტისთვის თავის დანებება გასუქების გარეშე შეიძლება: ELLE რამდენიმე საიდუმლოს ამხელს

თორმეტი-ოცდაათი დღე

ამ პერიოდში მწეველის ხველა უფრო რბილი ხდება. ორგანიზმის მედეგობა ვირუსების მიმართ იზრდება, ინფექციის მიღების რისკი უკვე ნაკლებია. საქმე ისაა, რომ მოწევა პნევმონიისა და ფილტვების სხვა პრობლემების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

გარდა ამისა, მეტაბოლიზმი უფრო სწრაფი ხდება და თუ ჭარბად არ იკვებებით, მაშინ ძალისხმევის გარეშე მოიცილებთ კილოგრამებს, რომლებიც მოწევის შეწყვეტის პირველ დღეებში აკრიფეთ.

ამასთან გაგიმჯობესდებათ კანის ფერიც, ვინაიდან ნიკოტინი ხელს აღარ შეუშლის კოლაგენის გამომუშავებას.

მცირე „სტაჟის“ მქონე მწეველებს ერთი თვის თავზე ეხსნებათ ნერვოზულობა და კარგავენ სიგარეტის ხელში აღების სურვილს.

ორი თვე

იკლებს არტერიული წნევა, უკეთ მუშაობს მიოკარდიუმი.

„ნორმალიზდება კანის სისხლით მომარაგება: ქრება გამონაყარი, თმა ნაკლებად ცხიმიანდება. არაღრმა ნაოჭები გლუვდება, პიგმენტური ლაქებიც იკლებს და საერთო ჯამში უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით“, — ამბობს ვიქტორია კოვალიოვა.

ექიმის თქმით, თუ ძალისმიერი ვარჯიშები გიყვართ, შეამჩნევთ, რომ კუნთოვან მასას უფრო სწრაფად იძენთ — ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმმა ცილების უკეთ ათვისება დაიწყო.

რატომ ეწევიან ქალები: მეცნიერული კვლევა და სპეციალური რეკომენდაციები მათთვის

სამი თვე

იწყება ფილტვების რეგენერაცია. პროცესი შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს — ეს მოწევის სტაჟზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ბევრი უკვე აღარ ახველებს.

„ბევრ ყოფილ მწეველს უქრება ცივი ხელების სინდრომი, თითის წვერების დაბუჟება. ეს ხდება იმის გამო, რომ იზრდება ყველა ქსოვილის სისხლმომარაგება და ნერვული დაბოლოებების აღდგენა“, — განმარტავს ექიმი.

ექვსი თვე-ერთი წელი

ხმაში ქრება ხრინწი, კბილის მინანქარი თეთრდება. ამ ეტაპზე ინსულტისა და ინფარქტის რისკები იკლებს, ქრება ქოშინი.

თუ ერთი წლის განმავლობაში სიგარეტის გარეშე გაძლებთ, ე.ი. უკვე ყოფილი მწეველი ხართ!