პანდემიის მიუხედავად აჭარის 2021 წლის ბიუჯეტი იზრდება

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, არ შემცირდება რეგიონის არც ერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ხელვაჩაურს კი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ კიდევ 2 მლნ ლარი დაემატება.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარების მიუხედავად აჭარის სახელმწიფო ბიუჯეტი 2021 წელს 3,2%-ით გაიზრდება და 349 მლნ ლარს მიაღწევს, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ. 

14 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია: რა ვითარებაა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

„მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ეკონომიკურმა გუნდმა შეძლო ბიუჯეტის 3,2%-იანი ზრდით დაგეგმვა. რეალურად ეს ნიშნავს, რომ არც ერთი პროექტი – არც ინფრასტრუქტურული და არც სოციალური – არ შეჩერდება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისი განმარტებით, ასევე არ შემცირდება აჭარის არც ერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

„მათ შორის ხელვაჩაურისთვისაც გაიზდება (ბიუჯეტი), რამდენადაც სტიქიურმა უბედურებამ მას დიდი ზიანი მიაყენა, ამიტომაც ტრანსფერის ნაწილში ხელვაჩაურს დამატებით 2 მლნ ლარი გამოეყოფა“, – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

აჭარაში 1 ოქტომბრის ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ მეწყრული პროცესები გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ მოსახლეობამ ზიანი მიაყენა – დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები. სტიქიური უბედურების შედეგად სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი დაიღუპა.