თავდაცვის სამინისტრო: ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა

თავდაცვის უწყების წარმომადგენლის განცხადებით, დოკუმენტი საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გაავრცელეს.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებს, რომლის მიხედვით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული პირი ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

შსს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორს ასახელებს

უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის ძალების პირველი კლასის რიგითი ბადრი ესებუა სამხედრო სამსახურიდან 2019 წელს დაითხოვეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მოლოდინაშვილმა განაცხადა, დოკუმენტი საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გაავრცელეს.

„გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, „მთავარი არხი“ და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულიად საპირისპირო ინფორმაციას“, – განაცხადა მოლოდინაშვილმა.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბადრი ესებუას მამა ისევ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

26 ოქტომბერს, გვიან ღამით პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ბადრი ესებუას და მისი ნათესავების სახლებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში, სადაც ეჭვმიტანილი მუშაობდა, ჩხრეკა განახორციელა, თუმცა უწყება არ აზუსტებს, რაიმე სახის მტკიცებულებები ამოიღეს თუ არა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დამნაშავის ძებნის ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.