გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით 1678 მედიკოსი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებისთანავე სერტიფიცირებული სამედიცინო კადრების დეფიციტი შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტრო  და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 1678-ს აღწევს - ეს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვის 5,2%-ია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევებს შორის მედიკოსების დაინფიცირების 90 შემთხვევა დაფიქსირდა.
გამყრელიძე: კორონავირუსი არ დასრულდება ნოემბერში, არც დეკემბერში და არც მარტში

გამყრელიძის თქმით, მედიკოსები სისტემატურად გადიან ტრენინგებს ინფექციის კონტროლის კუთხით, რათა ექიმებს შორის ინფიცირების მატება არ მოხდეს.

„ჯანდაცვის სექტორმა უნდა გაუძლოს ამ დიდ გამოწვევას, ეს ჩვენი მოვალეობაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სიმპტომების მქონე პაციენტებს, ახლადინფიცირებულთა შორის 1469-ს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, არ აყვნენ პანიკას.

„სამწუხაროდ, პანდემიების, ეპიდემიების დროს არის ხოლმე ფატალური გამოსავალი, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

ჯანდაცვის სექტორი კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების მინიმიზაციას ცდილობს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 28 ათასი სერტიფიცირებული ექიმია.

„ანუ, იმ ექიმების რაოდენობა 7-8 ათასია, რომლებსაც აქვთ სამედიცინო განათლება, მაგრამ დღეს დასაქმებული არ არიან, თუმცა შესაძლებელია და არის საუბარი, რომ მიეხმარონ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას თუ ამის აუცილებლობა დადგა. სასურველია, მოხდეს მათი გადამზადება. ზოგიერთი მათგანი არის პენსიაში გასული, ზოგიერთი არ მუშაობს სხვადასხვა პირობის გამო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ქვეყანაში დასაქმებულია დაახლოებით 19 ათასი ექიმი, რომელიც აქტიურ საექიმო საქმიანობას ეწევა, ასევე დაახლოებით 17 ათასი ექთანია.

„აქტიურად დაიწყო მეხუთე და მეექვსე სამედიცინო კურსების სტუდენტების გადამზადება. მათ უკვე ძირითადი თეორიული საგნები გაიარეს და ექიმის ასისტენტად მუშაობა თავისუფლად შეუძლიათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცერცვაძე: საველე ჰოსპიტლების გაშლის საჭიროება ჯერჯერობით არ არის

მან ასევე თხოვნით მიმართა სასულიერო პირებს და მრევლს, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები - ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია და თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან.

„ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია, ვიყოთ პირბადით, იქნება ეს ეკლესიაში, თუ ეკლესიის გარეთ. მოგეხსენებათ, გვქონდა ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ტაძარში, როგორც საეკლესიო მოღვაწეების, ისე თვითონ მრევლის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების გახსნა იგეგმება. მისი თქმით, ამჟამად არსებული კლინიკების გაძლიერება იგეგმება, ხოლო საველე ჰოსპიტლების გახსნა დღის წესრიგში არ დგას.