სააკაშვილის პარტიის აკრძალვას საქართველოში კიდევ ერთი ორგანიზაცია მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციამ „დავასრულოთ“ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე – აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მას იმედი აქვს, რომ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლომდე მიიყვანს.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნაზე – აიკრძალოს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა, რომელიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააარსა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ!“ ლიდერმა სოსო მანჯავიძემ განაცხადა, პეტიცია უკვე განთავსებულია ვებ-გვერდზე manifest.ge. მისი თქმით, შემდეგ აუცილებელი იქნება პროცესის საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანა, რამდენადაც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის უფლება მხოლოდ მას აქვს.

ოპოზიციიდან ხელისუფლებაში და უკან – სააკაშვილის პარტიის რთული გზა>>

„პოლიტიკური გაერთიანების გაუქმება შეიძლება მოხდეს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. გაწერილია ის შემთხვევები, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ამის გაკეთება შეუძლია. ერთ-ერთი ამ ჩამონათვალში არის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. მეორე საკითხია, თუ ვის შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხის განხილვის მოთხოვნით. ესენია: საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრთა შემადგენლობის 1/5, საქართველოს მთავრობა“, – განაცხადა მანჯავიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ყველაფერი პარტიის შესახებ

მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვება საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიტანოს.

თუმცა, ხელმოწერების ამგვარად შეგროვება მხოლოდ სამოქალაქო პოზიციის გამოხატვას ნიშნავს და ამ პროცესს ვერანაირი იურიდიული პროცედურა ვერ მოჰყვება.

„ეს არ არის დაკავშირებული არჩევნებთან, ვინაიდან საკითხის პროცედურა გაცილებით შორს მიდის დროში... არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ... რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართულ ქმედებას. ამ პეტიციაში ამაზეა საუბარი. ლაპარაკია დავით-გარეჯის საქმეზე. ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ მიხვდეს, რაშია საქმე“, – განაცხადა მანჯავიძემ.

უფრო ადრე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის მუშაობის დროს უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე მთელი პასუხისმგებლობა სააკაშვილს აწევს.

ექს–პრემიერი ნოღაიდელი: რუკების საქმეში პასუხისმგებელი სააკაშვილია

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ქართული ტერიტორიების სხვა ქვეყნისთვის გადაცემის საქმეზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყო. ამ ეტაპზე დაკავებულია ორი ჩინოვნიკი, რომლებმაც, ბრალდების ვერსიით, დამალეს 1937–1938 წლების რუკის არსებობა, რის გამოც საქართველომ კინაღამ თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი დაკარგა, მათ შორის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ზალკალიანი: ბაქო ინფორმირებულია დავით-გარეჯის ირგვლივ ახალი გარემოებების შესახებ>>

ამჟამად დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი. პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე სხვა ადამიანებიც შეიძლება დააკავოს. ოპოზიციურ პარტიებში მიიჩნევენ, რომ ბრალი, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს წაუყენონ.

„ნაციონალური მოძრაობის“, როგორც „დამნაშავე პარტიის“ აკრძალვას უკვე მერამდენე წელია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მოითხოვს.