COVID-19 - ბოლო ცნობები

„დაბურული მინის“ ნიშანი : რა ცვლილებები აღმოაჩნდათ უსიმპტომო პაციენტებს

უსიმპტომო ინდფიცირებული ვერ გრძნობს ტემპერატურას და გამოხატულ სუბიექტურ სიმპტომებს. ამიტომაცაა ეს საყურადღებო, აცხადებს ცნობილი ექიმი
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. უსიმპტომო პაციენტების, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულები, ფილტვებში გარკვეული ცვლილებები აღენიშნებათ, განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ვირუსის მატარებელი ადამიანებიდან დაახლოებით 40% უსიმპტომოა, რაც თავის თავად საკმაოდ ბევრია, თუმცა მათაც გარკვეული ცვლილებები აღმოაჩნდათ.

„როდესაც ე.წ. „უსიმპტომო“ პაციენტები გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ, ამ პაციენტების 50%-ს ფილტვში მაინც ჰქონდა ე.წ. „დაბურული მინის“ ნიშანი ანუ ანთებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. ინფიცირებული უსიმპტომოა, ვერ გრძნობს ტემპერატურას და გამოხატულ სუბიექტურ სიმპტომებს. ამიტომაცაა ეს საყურადღებო“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
COVID-19 მსოფლიოში: ჯანმოში მომავალ ურთულეს თვეებზე ალაპარაკდნენ

მისი თქმით, ასეთი ადამიანები ამ დროს ავრცელებენ ინფექციას და სწორედ მათზე მოდის ინფექციის ელვისებური თუ ცეცხლისებური გავრცელების უზარმაზარი პროცენტი.

ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 42 641 728 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 150 157. ამ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

რაც შეეხება საქართველოს, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1928-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 28431-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 604 ადამიანი შეემატა, გარდაიცვალა 8 ადამიანი.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, გარდაიცვალა – 201, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

COVID-19-ის გეოგრაფია საქართველოში: თბილისში შემთხვევების რიცხვმა იკლო >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანმომ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.