დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აფრთხილებს მოქალაქეებს, ნუ ენდობიან ლუგარის ლაბორატორიის სახელით განხორციელებული ზარების ავტორებს.
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. ბოლო პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით („კორონათი“) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

„გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი PCR ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლის

ცენტრი მოიწოდებს მოქალაქეებს მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა, გადასცენ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

პანდემიის დაწყებიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში 24 562 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება, ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.