მალე თბილისი–საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაიწყება

ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, ასევე შეამცირებს გადაადგილების დროს.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. კახეთში თბილისი–საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთზე ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კილომეტრიანი გზა აშენდება.

საუკუნის პროექტი: აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა უღელტეხილზე გრძელდება>>

პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ავსტრიული და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ.

„თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორის ნაწილია“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული მონაკვეთი მოძრაობის ინტენსივობით გამოირჩევა და ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის, როგორებიცაა ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო.

ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების დროს.

ხაშურის შემოვლითი ახალი გზა გაიხსნა - მარშრუტის ვიდეო>>

თბილისი–საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე საზედამხედველო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის ნოემბერში და დეკემბერშია დაგეგმილი.