არჩევნები საკარანტინო ზონებში: მთავარი წესები და კენჭისყრის პროცედურა

სპეცჯგუფები საარჩევნო კომისიის ფუნქციას შეასრულებენ, ხოლო მათ მუშაობას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები და მასმედიის წარმომადგენლები მიადევნებენ თვალს.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. არჩევნები საკარანტინო ზონებსა და სტაციონარებში უსაფრთხოების ნორმებისა და არჩევნების გამჭვირვალობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს ცესკოს დადგენილებაში.

წინასწარი მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში საკარანტინო ზონებსა და სტაციონარებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ, 127 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

არჩევნებს ადგილებზე ჩაატარებენ მინიმუმ 12 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები. ამ სპეცჯგუფებში არ შევლენ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები და ისინი, ვისთვისაც პირბადის ტარებაზე უკუჩვენება არსებობს ან უჭირთ მისი ტარება.

კორონავირუსი და არჩევნები: ცესკომ დაავადებულთა საკითხი გადაჭრა

სპეცჯგუფები საარჩევნო კომისიების ფუნქციებს შეასრულებენ. მათ მუშაობას დააკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები და მასმედიის წარმომადგენლები.

დამკვირვებელთა რაოდენობა შეზღუდულია: ერთი ადგილობრივი ორგანიზაციისთვის – ერთი დამკვირვებელი ერთ საარჩევნო ურნაზე, საერთაშორისო ორგანიზაციისთვის – ერთი დამკვირვებელი და თარჯიმანი. რაც შეეხება მასმედიის წარმომადგენლებს, თითოეულ ორგანიზაციას მაქსიმუმ ორკაციანი ჯგუფის გაგზავნის უფლება აქვს. ამასთან, დამკვირვებელი და ჟურნალისტი ვერ მოხვდება უბანზე, თუ პირბადის ტარება არ შეუძლია.

არჩევნები 2020: ეტლით მოსარგებლეებს თავად შეუძლიათ ადაპტირებული უბნის შერჩევა>>

რაც შეეხება ამომრჩეველს, სიას საარჩევნო კომისია შეადგენს. სიაში შევლენ ის ამომრჩევლები, რომლებიც მკურნალობენ კორონავირუსზე სტაციონარებში, ინფიცირებულები, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინო ზონაში, მკურნალობენ სახლში, გადიან სავალდებულო კარანტინს, მედპერსონალი, რომელიც არჩევნების დღეს საკარანტინო ზონაში ან სტაციონარში მუშაობს.

როგორ ჩატარდება არჩევნები

სპეცუბნები დილის 7 საათზე გაიხსნება, 8 საათზე კი დაიწყება კენჭისყრა გადასატანი ურნის მეშვეობით. პროცესი 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ხმებს თვითონ სპეცჯგუფები დაითვლიან, ხოლო შედეგებს უბანზე ფოტოების სახით გაგზავნიან.

უსაფრთხოების ზომები

სპეცჯგუფის ყველა წევრი, დამკვირვებელი და მასმედიის წარმომადგენელი იქნება პირბადით, დამცავი ფარით, ერთჯერადი ხალათით, ხელთათმანითა და ბახილებით.

არჩევნები უსაფრთხო პირობებში: ცესკომ ახალი წესები დაადგინა

სპეცჯგუფების ოთახებში იქნება დეზინფექტორები, დამუშავდება ყველა ზედაპირი, მათ შორის საარჩევნო ურნები. აუცილებელი იქნება პირბადის გამოცვლა და ხელების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება.

კენჭისყრის პროცედურის დროს სპეცჯგუფები არ შევლენ ბინებში, ნომრებში, ამომრჩევლის ოთახებში.

კენჭისყრის დაწყებამდე მათ უნდა ჩაატარონ ურნის, კარის სახელურისა და სხვა ზედაპირების დეზინფექცია.

ამომრჩეველი ასევე უნდა იყოს პირბადით, დაიმუშავოს ხელები დეზინფექტორით, მაგრამ, ამავე დროს, ის ვალდებულია აჩვენოს სახე სპეცჯგუფის წევრებს 1,5 მეტრი მანძილიდან.

ამომრჩეველს უშუალო კონტაქტის გარეშე გადაეცემა ბიულეტენი. მას და სპეცჯგუფის წარმომადგენელს შორის უნდა იყოს დაცული 1,5–2 მეტრიანი დისტანცია.

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში – ცესკომ წესები დაადგინა

პასპორტს ან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ამომრჩეველი ხელში არ გადასცემს, არამედ მხოლოდ აჩვენებს.

ბიულეტენის შესავსებად კალამს ამომრჩეველი ინდივიდუალურად მიიღებს. კენჭისყრის შემდეგ ურნას კვლავ დეზინფექცია ჩაუტარდება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 4 408 ადამიანი, სტაციონარებში – 3 155, სასტუმროებში – 1 848.

პანდემიის დაწყებიდან სულ გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 22 803 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 401, გარდაიცვალა 178 პაციენტი.