შსს: ყველა მძევალი გათავისუფლებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან.
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ყველა მძევალი გათავისუფლებულია. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, დამნაშავის დაკავების მიზნით გრძელდება სამძებრო ღონისძიებები, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბანკზე თავდასხმა და მძევლების აყვანა ზუგდიდში: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ზუგდიდში გუშინ უცნობი შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა. თავდამსხმელს თითქმის მთელი დღის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად დღის განმავლობაში 43 მძევლიდან უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

მოგვიანებით თავდამსხმელმა ბანკის შენობა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", – აღნიშნულია განცხადებაში.

გალდავამ გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კარგად არის და მძევლებიც კარგად არიან.

ერთ-ერთი მძევალი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

„ყველა მძევალთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაზიანებები არ აქვს არც ერთ მძევალს“, – განაცხადა ბორცვაძემ ჟურნალისტებთან.

სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს, აღნიშნავენ უწყებაში.