ვახტანგ გომელაური - თანამზრახველების მიმართულებით გამოძიება მუშაობს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელები სამნი იყვნენ - აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ და მათ ნახევარი მილიონის ნაცვლად თან 4 მილიონი დოლარი წაიღეს
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირის შესაძლო თანამზრახველებთან დაკავშირებით ბევრი ვერსია ვრცელდება და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. 

„იყვნენ სამნი, აქედან ორი – „ფეიკ მძევალი“ – ნიკა გვარამია თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

„ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავადასტურებ. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, შეიძლება, 43 ადამიანში ათი იყო მისი თანამზრახველი, ვერავინ იტყვის, იყო თუ არა. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ადამიანების დააბრალო რაღაც, რაც არ იცი მტკიცებულებით ფორმაში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გვარამია ზუგდიდში მძევლების აყვანაზე: ჩვენ ყველაფერი ვიცით და ინფორმაციას გავასაჯაროებთ

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები სამნი იყვნენ - აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ და მათ ნახევარი მილიონის ნაცვლად თან 4 მილიონი დოლარი წაიღეს სინამდვილეში.

მისივე თქმით, „ფეიკ მძევლებს“ შორის ერთ-ერთი დავით ხვიბლიანი იყო. ის ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს.

„დავით ხვიბლიანი იყო მძევალი, ერთ-ერთი მძევალი 43 ადამიანში. გამოძიების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გვარამიამ 21 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ყველაფერი იცოდნენ, თუმცა ჯერჯერობით არ ასაჯაროებდნენ დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

„500 ათას დოლარს ითხოვს“ – ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბანკში აყვანილი მძევალი ჩაერთო >>

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.