მოსაზრება: ბაიდენის არჩევნებში დამარცხებას რუსეთს ვერ დააბრალებენ

წინასაარჩევნო კამპანია ამერიკაში ფინიშს უახლოვდება — დღეს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ბოლოჯერ შეხვდებიან ტელედებატებში.
Sputnik

პიოტრ აკოპოვი

ამასთან, ეს შეხვედრა, პრინციპში, შეიძლება უკანასკნელიც იყოს მათ ცხოვრებაში. აშშ-ში ახლა ვნებათაღელვა იმდენად მძაფრია, რომ ამ ორი ადამიანის კიდევ ოდესმე ერთად წარმოდგენა ძალიან ძნელია. საოცრებაც რომ მოხდეს და ბაიდენმა არჩევნები მოიგოს, ტრამპმა შეიძლება არც კი აღიაროს შედეგები, ან უბრალოდ, სულ ცოტა, ინაუგურაციაზე არ მივიდეს — ყველა ტრადიციის დარღვევით. აი, ბაიდენი კი არაფრის ფასად არ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას. ასე რომ, ხუთშაბათს მათ ბოლო შესაძლებლობა ექნებათ, უთხრან ერთმანეთს ის, რაც სურთ. და ისინი ამ შესაძლებლობას სრულად გამოიყენებენ.

მოსაზრება: ტრამპმა და პუტინმა „საოქტომბრო სიურპრიზი“ მოამზადეს

ტრამპი ბაიდენს მთავარი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს უწოდებს და ჯოს ჩასმას მოითხოვს ციხეში (ვაჟთან, ჰანტერთან ერთად). ჯო ციხეში არ ჩაჯდება, მაგრამ როცა არჩევნებს წააგებს, მედიასაშუალებები იტყვიან, რომ ის „ოქტომბრის სიურპრიზმა“ მოცელა — ჰანტერის კომპიუტერში ნაპოვნმა და ამ დღეებში გამოქვეყნებულმა კომპრომატმა, რომელიც ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს სიცრუესა და კორუფციაში ამხელს. მაგრამ ბაიდენი ამ მასალების გარეშეც წააგებდა არჩევნებს, უბრალოდ იმიტომ, რომ ტრამპი გამარჯვებისთვისაა განწირული. მაგრამ ეს როგორ, როცა ყველა გამოკითხვა ბაიდენის უპირატესობაზე მეტყველებს? ხომ არ შეიძლება, რომ შედეგები გამოგონილი იყოს?

შეიძლება. იმიტომ რომ ფსონები ისე მაღალია, როგორც არასდროს. და არ არსებობს ისეთი ტყუილი, რომელზეც ტრამპის წინააღმდეგ მოთამაშეები არ წავლენ.

„მე კენჭს ვიყრი არა მარტო მემარცხენე მედიასაშუალებების, არამედ დიდი ტექნოლოგიური კომპანია–გიგანტებისა („ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „გუგლი“) და „ვაშინგტონური ჭაობის“ წინააღმდეგ“, — განაცხადა ტრამპმა ცოტა ხნის წინ. და ამის საუკეთესო დასტურად იქცა ამ სამთავიანი მონსტრის რეაქცია ბაიდენის ოჯახის შესახებ გამოჩენილ კომპრომატზე. „ნიუ-იორკ პოსტის“ პუბლიკაცია უბრალოდ დაბლოკეს — ის არ ჩანდა „გუგლის“ საძიებელში, ხოლო „ფეისბუქმა“ და „ტვიტერმა“ მისი გაზიარების საშუალება მოსპეს. რაღა თქმა უნდა, მედიასაშუალებებიც ცდილობდნენ, უბრალოდ არ შეემჩნიათ სკანდალური პუბლიკაცია, ხოლო პოლიტიკოსების უმეტესობა ისეთ სახეს იღებდა, თითქოს არაფერი სერიოზული არ მომხდარა. ანუ სამივე ძალა სინქრონულად მოქმედებდა, რითიც ტრამპის სიმართლეს ამტკიცებდა. ამასთან მაშინვე გაჟღერდა ბრალდებებიც რუსეთის წინააღდეგ — ხომ გასაგებია, რომ მოსკოვი ისევ ჩაერია ამერიკულ არჩევნებში და ბაიდენზე კომპრომატი შემოაგდოო.

მოსაზრება: კრემლის მზაკვრული გეგმა – ეს ტრამპის გადარჩენაა

ამაზე საუბრობდნენ არა მარტო კომენტატორები და კონგრესმენები, არამედ სპეცსამსახურების თანამშრომლებიც. ყოფილი თანამშრომლები — ვინაიდან აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ ბაიდენის ნოუთბუქში ნაპოვნი ინფორმაცია „რუსეთის რაიმე დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი არ არის“. მაგრამ 50-მდე ყოფილმა მზვერავმა (რეტკლიფის წინამორბედ ჯიმ კლეპერის ჩათვლით, რომელიც სიცრუეში ამხილეს) ღია წერილი დაწერეს, გამოცდილება „გვაიძულებს, სერიოზულად დავეჭვდეთ, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი რუსეთის მთავრობამ ითამაშაო“:

„აშშ-ში პოლიტიკურ არენაზე გამოჩენილი ელექტრონული წერილები, რომლებიც სავარაუდოდ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟს ეკუთვნის და რომელთა დიდი ნაწილი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ის უკრაინულ გაზის კომპანია Burisma-ს ხელმძღვანელობაში მუშაობდა, რუსეთის საინფორმაციო კამპანიის ყველა ნიშანს ატარებს“.

ანუ რუსეთს იმაში კი არ ადანაშუალებენ, რომ მან ბაიდენზე კომპრომატები გააყალბა, არამედ იმაში, რომ მან ისინი გაავრცელა. მაგრამ როგორ, როცა რუდი ჯულიანის (ტრამპის ყოფილი ადვოკატი) თქმით, ჰანტერ ბაიდენის კომპიუტერის მყარი დისკის შემადგენლობა უკვე შვიდი თვის წინ გადაეცა გამოძიების ფედერალურ ბიუროს? ანუ მოსკოვს ეს მასალები „ოქტომბრის სიურპრიზის“ სამზადისში დამალული ჰქონდა? თუ თავად ტრამპის შტაბმა და მისმა მრჩევლებმა გააკეთეს, იმავე ჯულიანის ჩათვლით? უი, არა, ჯულიანი ხომ პუტინზე მუშაობს... და ეს ხუმრობა არ არის: როგორც სენატორმა კრის მერფიმ განაცხადა, „ამჯერად რუსებმა ამერიკელების თავის აგენტებად დამუშავება გადაწყვიტეს. ისინი ცდილობენ განავრცონ თავიანთი პროპაგანდა მეინსტრიმულ მედიაში... და მათ წარმატებას მიაღწიეს. იცოდეთ, რუდი ჯულიანი ახლა არსებითად რუსეთის აგენტია“.

მოსაზრება: თუ ბაიდენის მორიგ შეცდომას გაიგონებთ, იცოდეთ, რომ დამნაშავე პუტინია

დიახ, რა თქმა უნდა. თუ თავად ტრამპი მუშაობს კრემლზე, მის თანამშრომლებსა და დაახლოებულ პირებზე რაღა ითქმის. სიცილი სიცილად, მაგრამ ვითარების სწორედ ასეთი არაადეკვატური შეფასება და ამერიკელებისთვის „რუსეთის ჩარევის“ მიყიდვის მცდელობა, ბაიდენების ოჯახზე კომპრომატების ისტორიაშიც კი, საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ტრამპმა უკვე გაიმარჯვა. იმიტომ რომ მისი მოწინააღმდეგეები სრულად გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ, რომელშიც რუსები გავლენას ახდენენ აშშ-ის არჩევნების შედეგებზე, ხოლო ბაიდენისა და ტრამპის რეიტინგებს შორის სხვაობა ორნიშნა რიცხვებით განისაზღვრება. თანაც ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება და ერთმანეთს არანაირად არ ეწინააღმდეგება.

მაგრამ რეალურ სამყაროში ჩვენ სულ სხვა რამეს ვხედავთ: ტრამპის მომხრეთა უზარმაზარ რაოდენობას მის დაუსრულებელ მიტინგებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, და ენთუზიაზმის არარსებობას ბაიდენის იშვიათ შეხვედრებზე მცირე რაოდენობის მომხრეებით; ტრამპის მხარდაჭერის ზრდას უმცირესობის (მაგალითად, ფერადკანიანებისა და მუსლიმების) წარმომადგენლებს შორის, რომლებიც საერთოდაც არ შეადგენენ ელექტორატს, ტრამპის რუსეთთან კავშირის დაუსაბუთებლობასა და ბაიდენის ოჯახის სიცრუისა და კორუფციონერობის სულ ახალ მტკიცებულებებს. და რაც ყველაზე მთავარია: რეალურ სამყაროში ამერიკელები დიდი ხნის წინ განიხიბლნენ პოლიტიკური ელიტისა და ზეპარტიული „ვაშინგტონური ჭაობისგან“ და სწორედ ამიტომ ტრამპის ერთადერთ სერიოზულ ალტერნატივად არასისტემური სენატორი სანდერსი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ სწორედ თავისი არასისტემურობის გამო არ დაუშვა ის არჩევნებზე „კოლექტიურმა ბაიდენმა“.

შავი სია: ჩინეთი სანქციებს ამზადებს და ბაიდენის იმედი აქვს

რიგითი ამერიკელები რეალურ სამყაროში ცხოვრობენ და არა პროპაგანდისა, ამიტომ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგი ბედისწერითაა განსაზღვრული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭირო „მერყევ შტატებში“ ხმებს წაიმატებენ პასიური დემოკრატიული ელექტორატის ფოსტით ხმის მიცემაზე მობილიზაციის გზით, ეს იმიტომ, რომ იმ შტატებშიც შეინიშნება იმათი რაოდენობის ზრდა, ვინც რესპუბლიკელებს წინასწარ მისცა ხმა.

გამოგონილი სამყარო 3 ნოემბერს დამარცხდება, თუნდაც ქაოსი მოაწყოს და არ აღიაროს რეალობა. სამთავიან ჰიდრას რევანშის იმედი ექნება და ამაზე იმუშავებს როგორც ამერიკის, ისე გლობალური მასშტაბით. და, აი, იქ უკვე ექნება მას სრული უფლება, დაადანაშაულოს რუსები თავის წარუმატებლობაში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს