საქართველო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 20 მილიარდამდე ლარს დახარჯავს

საქართველოში 2024 წლისთვის აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და სრულად გარემონტდება შიდა მნიშვნელობის გზების 85%, აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს რეგიონებში 2021–2024 წლებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 20 მილიარდ ლარამდე გამოიყოფა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 

სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა 2021 წლის გაზაფხულამდე სრულად აღდგება

„კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მაღალმთიანეთის სოფლებს, გაგრძელდება ქალაქების მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2024 წლამდე განხორციელდება დამატებით 400 დასახლების გაზიფიცირება, შედეგად 1,4 მილიონამდე ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით. ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს, დამატებით 1000 დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებ 500 ათას ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა რუსთავში „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე.

ცქიტიშვილის თქმით, რეგიონებში ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით გაგრძელდება დასახლებული პუნქტების კომპლექსური განახლების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და განვითარებას.

2021-2024 წლებში დასრულდება აბასთუმნის განვითარების პროექტი, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი, ბაკურიანის ურბანული განახლება. მესტიაში ლაღამის დაბის რეკონსტრუქცია და უშგულის თემში კოშკების აღდგენა, თელავის და ველისციხის ცენტრის ურბანული განახლება, კობისა და თრუსოს ხეობის განვითარება და დუშეთის ურბანული განახლების პროექტები.

გზების მშენებლობა

საქართველოში 2024 წლისთვის აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და სრულად გარემონტდება შიდა მნიშვნელობის გზების 85%, აღნიშნა ცქიტიშვილმა. 

EBRD ბაკურიანში ინფრასტრუქტურულ პროექტს დააფინანსებს

„ქვეყანაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის ტემპები სამჯერ გაიზარდა. 2013-2020 წლებში აშენდა 198 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი და ეს არის გზები, რომლითაც ვუკავშირდებით ჩვენი რეგიონის, ევროპულ და აზიის ბაზრებს, რაც გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური როლი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მარტო 2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 70 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი.

„უკვე რეალიზებული პროექტების დასრულების შედეგად 2021-2024 წლებში საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის მოცულობა გაიზრდება 200 კილომეტრით, აშენდება 200-ზე მეტი ხიდი და 70 გვირაბი, ეტაპობრივად დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული და აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისიდან ბათუმში მგზავრობის დრო შევამციროთ 3,5 საათამდე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

ჩინური კომპანიები რიკოთის უღელტეხილზე გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთს დააგებენ

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ავტომაგისტრალების მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზა, მომავალ წელს კი დავიწყებთ თბილისი–საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, ხოლო შემდეგ – ბაკურციხე-წნორის მიმართულებით. 2024 წლისთვის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის თვალსაზრისით ყველა სასაზღვრო პუნქტთან გვექნება ხელშესახები პროგრესი, მათ შორისაა ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი მონაკვეთი, საიდანაც 9 კილომეტრი უნიკალური გვირაბია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, მარტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში დღეისთვის ჩართულია 1200 ქართული კომპანია და 30 ათასზე მეტი ადამიანი.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ეტაპობრივად განახლდება ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ფოთის შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე მუნიციპალური მნიშვნელობის და სოფლის გზებს, რის შედეგადაც 2024 წლისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% სრულად მოწესრიგდება.