თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო, უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე კი პირველკურსელებმა საზეიმო ფიცი დადეს.
გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებასა და სტუდენტებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგან ჰერმანმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ამ უნივერსიტეტის გახსნით ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ უმაღლესი განათლება და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წევრი გახდნენ.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორიც თავის დროზე, 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო. მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო. საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც მსოფლიოს მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, ახალგაზრდამ მიიღოს უმაღლესი დონის განათლება ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, გამართულ, სრულფასოვან, ძლიერ განათლების სისტემას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას განვითარების შემდგომი მძლავრი ნაბიჯი.
„მესმის, რომ არაორდინარული დღე არის, იმიტომ რომ თქვენ გიწევთ სტუდენტური ცხოვრების პირბადით დაწყება. ეს საკმაოდ რთული წარმოსადგენი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ ყველანი უნდა შევეგუოთ. ესეც გაივლის, მაგრამ დარჩება ეს უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დარჩება თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გადაიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) წელს პირველი სტუდენტები მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება, სამომავლოდ კი სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.
KIU ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პროექტის ავტორი და მეცენატია ბიძინა ივანიშვილი.
პირველკურსელებს ელის თანამედროვე საცხოვრებელი, სტუდიური ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემით, სააბაზანო ოთახით, საძინებლით, სრულად მოწყობილი სამზარეულოთი და სასწავლო სივრცით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ყველა საჭირო ინვენტარითა და უწყვეტი ინტერნეტით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.
საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.
უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტის ფონდი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება სწავლის, სტუდენტური საცხოვრებლის გადასახადი და სტუდენტური სტიპენდია.