გათიშეთ ლაივსიგნალები: შსს მასმედიას და მობილურ ოპერატორებს მიმართავს

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე რამდენიმე საათის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 19 ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

„ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე – მძევლად არიან აყვანილი ადამიანები. დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიული-სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება“, – განაცხადა საბანაძემ.
შეიარაღებული თავდასხმა ზუგდიდში: მძევლებს შორის ქალაქის მერის ოჯახის წევრია

უწყება მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ლაივსიგნალი შემთხვევის ადგილიდან.

„ყველა მედიასაშუალებისგან, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამცველების და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა-შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს ამის უზრუნველყოფა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.