თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდის ცენტრში, სადაც მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს, ინციდენტი მოხდა.
შეტაკება მოხდა „ქართული მარშის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი გაბედავასა და ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს შორის.
გაბედავას თავში იმ დროს ჩაარტყეს, როდესაც ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. მოხდა შეხლა-შემოხლა, სიტუაცია პოლიციამ განმუხტა. დაკავებულია ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი.
„მთელი დღეა აქ ვდგავარ, ჩემი ბიძაშვილია ბანკში მძევალი. არანაირი პიარის უფლებას მე აქ არავის მივცემ. ეს არ არის საპიარო. თქვენთვის ჯობია ეს პროვოკატორი გაიყვანოთ“, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.
წინასწარი მონაცემებით, ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში აიყვანა მძევლები – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები. რამდენიმე მძევალი გათავისუფლებულია. ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებულია. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.